ახალციხის
მომხმარებელთა დახმარების ცენტრს წერილობით მიმართეს ახალციხეში,
9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებმა მომხმარებლებმა და ქალაქში მდებარე
ურავლის წყალსადენის შემოწმება სთხოვეს, რომელიც ქალაქს სასმელი წყლით
ამარაგებს. მომხმარებელთა შეშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ
გაზაფხულობით ურავლის წყალსადენის წყალი იმღვრევა და ასევე, იმატებს
ვირუსული ჰეპატიტით დაავადების შემთხვევები. მომხმარებლები შიშობდნენ,
ხომ არ ხდებოდა სასმელი წყლის დაბინძურება მიმდებარე ტერიტორიაზე
დაზიანებული კანალიზაციიდან.
ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრს მსგავსი თხოვნით მიმართა გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემაც.
მიმდინარე წლის 17 ივნისს, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარომადგენლებმა შესაბამისი წესების დაცვით აიღეს სასმელი წყლის ნიმუშები ქალაქის ორივე უბანში.
ნიმუშები ბაქტერიოლოგიური (მიკრობილიოლოგიური) და ფიზიკო-ქიმიური ანალიზებისათვის ჩაბარდა ორ ლაბორატორიაში: სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ სადგურსა და გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტში.
სასმელი წყლის
ნიმუშების ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები ნორმაში
აღმოჩნდა – ჟანგვადობა, ნიტრიტები და ნიტრატები, ასევე,
მინერალური მარილები შეესაბამებოდა სტანდარტს.
რაც შეეხება მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს, ნიმუშში არ აღმოჩნდა ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები (კოლიფორმები). სასმელ წყალში კანალიზაციის შერევის ფაქტი არ დადასტურდა.
თუმცა, ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ნიმუშებში მეზოფილურ – აერობული და ანაერობული მოკროორგანიზმების რაოდენობა აღემატებოდა დასაშვებ ნორმას – ნაცვლად დასაშვები 100 კწე/გ-ისა, მაჩვენებლები შეადგენდა 130 კწე/გ-ს (9 აპრილის ქუჩა) და 165 კწე/გ-ს (გურამიშვილის ქუჩა). ეს მონაცემი არ მიუთითებს იმაზე, რომ წყალი ჯანმრთელობისათვის მავნეა, თუმცა, იმის მიმანიშნებელია, რომ საჭიროა ზომების მიღება მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად. შესაძლოა, ნორმასთან შუსაბამობა გამოწვეული იყოს სასმელი წყლის მიწოდების მოძველებული სისტემის გამო. ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა დარღვევებისა და მათი შესაძლო განმაპირობებელი მიზეზების შესახებ აცნობა ახალციხის მუნიციპალიტეტს.
ანალიზების შედეგების შესახებ ასევე ეცნობათ იმ მომხმარებლებს, რომელთა თხოვნის საფუძველზეც მოხდა სასმელი წყლის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი.
წყარო:http://www.mkidveli.ge/10147/shemotsmda-sasmeli-tsyali-akhalcikheshi#.U9JBD5cE6RQ.facebook