ახალციხის თვითმართველ თემში, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს მეორე სხდომა გაიმართა. ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა თავმჯდომარესთან ერთად ფრაქციების შექმნის შესახებ შესული განცხადებები განიხილეს. თემის საკრებულოში სულ ოთხი ფრაქცია შეიქმნა, ესენია: „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“, რომლის თავმჯდომარე იოსებ კაპანაძე იქნება, „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“ – მას ბიძინა გოგოლაძე უხელმძღვანელებს, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომლის თავმჯდომარე გიორგი ზაქროშვილი იქნება და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ისევ მაკა სუდაძე უხელმძღვანელებს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა და თავმჯდომარეები დაამტკიცეს.
სხდომაზევე ცნობილი გახდა, რომ თემის გამგეობაში აუდიტის სამსახური შეიქმნება, რომელიც ყველა საკითხს გააკონტროლებს.
მიუხდავად იმისა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 – დებულებიდან უმრავლესობა დამტკიცდა, სხდომა მაინც ხვალამდე გადაიდო. როგორც თავმჯდომარე დავით ლომიძე განმარტავს, ტექნიკური ხარვეზების გამო მათ საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთები ვერ დაამტკიცეს.
ახალი მოწვევის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა უკვე მიმდინარეობს ახალციხის თვითმართველი ქალაქის საკრებულოშიც.