საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში უმნიშვნელოვანეს ტერასულ ნამოსახლარს მიაკვლია.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ძეგლზე აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის, ძვ.წ. IVათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული, ქვის ნაგებობები საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობა.
ქართულ-ავსტრალიური ექსპედიციის წევრები ამავე ტერიტორიაზე სწავლობენ გვიან ანტიკურ – ადრე შუა საუკუნეების ციტადელსა და ნაგებობეს.
გასულ წელს ძეგლზე ხორბლის ოთხი სახეობა აღმოჩნდა, წელს კი – ქვის ხელსაფქვავები,რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისათვის მეურნეობა უკვე განვითარებული იყო.წელს აღმოჩენილი საქონლის ძვლები კი იმასაც მოწმობს, რომ არა მხოლოდ მიწათმოქმედება, არამედ მესაქონლეობაც განვითარებული ყოფილა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი (ყალიბი), რაც იმის მანიშნებელია რომ ლითონის გარკვეული ნივთები ადგილობრივად მზადდებოდა. ექსპედიციამ ძეგლზე ნამოსახლარის თანადროული სამარხი შეისწავლა , სადაც მიცვალებული მოხრილ მდგომარეობაში იყო დაკრძალული.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპედიციამ სოფელ ჭობარეთში 2012 წლიდან დაიწყო მუშაობა. ქართველ და უცხოელ მკვლევარებთან ერთად მონაწილეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ. წელს საველე არქეოლოგიური პრაქტიკა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუდენტებმაც გაიარეს.
არქეოლოგიური სამუშაოები სოფელ ჭობარეთში მიმდინარეობს.