დღეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო
პროცესი გაიმართა. სხდომაზე პრალდების მხარემ ერთი მოწმე გამგეობის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მაკა სამსონიძე წარმოადგინა.
მისი თქმით, თანამშრომელების იგივე ნომრითა და თარიღით დანიშვნის
შესახებ ბრძანება მან და იურიდიული სამსახურის სპეციალისტმა ავთანდილ
თელიაშვილმა გამგებლისგან მიიღეს. მისივე მტკიცებით, თელიაშვილმა იქვე
მიუთითა, რომ ეს არაკანონიერი ქმედება იყო, თუმცა მან ბრძანების
შესრულება მოითხოვა.
„ეს არ იყო კანონიერი, მაგრამ მე ბატონ ბესოსგან დავალება მივიღე და შევასრულე. ახალი ბრძანება კაბინეტში შევუტანე, რომელიც გამგებელმა წაიკითხა და ხელი მოაწერა – განაცხადა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მაკა სამსონიძემ.
მისივე თქმით, ბრძანების ერთი პირი მან გამგეობის წამყვან სპეციალისტს კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში ეკა ტატალაშვილს გადასცა.
ბესიკ ბლიაძის ადვიკატი ნუგზარ სამარჯიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე საქმეს განგებ აჭიანურებს და ყოველ პროცესზე მხოლოდ ერთ მოწმეს წარმოადგენს.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდების მხარეს პროკურორი ოთარ სანდოძე წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბლიაძეს მიმდინარე წლის 25 მარტს, გამოძიებამ ბრალი 341–ე მუხლით წაუყენა , რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს.
გამოძიება მას სხვადასხვა პოზიციებზე 3 თვიანი ვადით დანიშნულ მოვალეობის 4 შემსრულებლის საქმეს ედავება, რომელთაც, ბესიკ ბლიაძის ბრძანების საფუძველზე უფლება მოვალეობის შესრულების ვადა გაუგრძელდათ.
26 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს სასამართლომ მას გირაოს სახით 4 000 ლარი შეუფარდა და თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესიკ ბლიაძეს სასჯელის სახით ჯარიმა ან , 2–იდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.