26 სექტემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალციხის მუნიციპალიტეტში ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
საზღვრისპირა რეგიონში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო.
ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით 37-ეა. ახლად გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. მათგან ერთ-ერთი, ცენტრის მენეჯერი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტის „50 საჯარო მოხელის“ კურსდამთავრებულია. პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან ხორციელდება და ემსახურება ახალგაზრდების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობას, დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბებას, საჯარო სამსახურის სისტემაში თვითდამკვიდრებისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას.
ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი სოფლების − ზემო სხვილისის, სხვილისის, წყალთბილის, ნაოხრების, აბათხევის, წინუბნის, ჯულღის, დიდი პამაჯის, პატარა პამაჯის, ორალის, ყულალისის, საძელისა და ხაკის − 14 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც პირველად გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.
ადგილობრივები ვალედან გაუსვლელად მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის, ქორწინების რეგისტრაციას და სხვ.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.