სტიქია ბორჯომში 3 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათიდან დაფიქსირდა. 2 საათიან ძლიერ წვიმას თან სეტყვაც ახლდა. წყალდიდობის შედეგად კალაპოტი შეეცვალა მდინარე საკირულას, რომელმაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები, ნათესები და საქონლის სადგომები დატბორა. წყალმა იმსხვერპლა შინაური ფრინველიც. მწყობრიდან გამოვიდა შიდა გზები. მოსახლეობა ამბობს, რომ ნათესების 80% განადგურებულია.
სტიქიის შედეგად საკირეს, დვირისა და ტაძრისის დასახლებებს მუნიციპალიტეტიდან მოწყვეტა ემუქრებათ.
სოფელი დგვარი მეწყერულ ზონაში მდებარეობს, ადგილობრივი მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას და სოფლიდან სასწრაფოდ გასახლებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სოფელ დვირში. 25 წლის მურმან ლომსაძე, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულ მდინარე საკირულაში დაიხრჩო.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მდინარისთვის კალაპოტის შეცვლას მძიმე ტექნიკით ცდილობენ.