ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში, სომხური უბნის ამომრჩეველი კანდიდატებს არ იცნობს. ადგილობრივების ნაწილმა არ იცის არჩევნების ზუსტი თარიღი.
მკრტიჩ ოგანესიანი სხვილისის ერთადერთი მაცხოვრებელი არ არის, რომელმაც არც არჩევნების ზუსტი თარიღი იცის და არც კანდიდატების ვინაობა. იგი არც პოლიტიკური პარტიების შესახებ ფლობს ინფორმაციას. ამბობს, რომ მათთან სასაუბროდ არავინ მისულა და წინასაარჩევნო კამპანიის დეტალებით არც თავად დაინტერესებულა. მკრტიჩს ეთანხმება თანასოფლელების დიდი ნაწილი.
სხვილისელების მეორე ნაწილი იხსენებს, რომ სოფელს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ესტუმრნენ, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატის გვარს ვერ იხსენებენ.
სოფელ სხვილისში მდებარე 44–ე ოლქის 37–ე საარჩევნო უბანზე განმარტავენ, რომ მათი მხრიდან ამომრჩევლების ინფორმირებისთვის საჭირო პროცედურები უკვე ჩატარებულია. ხმის მიცემის უფლების მქონე ყველა ადგილობრივმა საარჩევნო ბარათი და შესაბამისი ინფორმაცია მიიღო. საუბნო კომისიის წევრი აცხადებს, რომ მათ მოსახლეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
კანდიდატები, ამ დრომდე არ გამოჩენილან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში. ადგილობრივი მკვიდრი შალვა გოგოლაძე ირწმუნება, რომ არჩევნების თემაზე სასაუბროდ მათთან არავინ მიდის.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არჩევნების შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულია, თუმცა მათი მხრიდან პროცესებში ჩართულობის დონე დაბალია – აცხადებს საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი. ირმა ბასილაშვილი განმარტავს, რომ გასულ წლებთან შედარებით ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესებულია. ორგანიზაცია, წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადად, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქებს აკვირდება.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 15 დღე დარჩა. შესაბამისად მხოლოდ 13 დღე აქვთ რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს იმისთვის, რომ თავიანთი წინასარჩევნო პროგრამა დარჩენილ მოსახლეობას გააცნონ.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რუსუდან გვარამაძე.