“პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, თუ სოფლის მეურნეობა არ განვითარდა. ადგილობრივი მეწარმეობის აღორძინება და სამუშაო ადგილების გაჩენა არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი ამოცანა. ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია მეწარმეობის განვითარებისკენ“, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასპინძაში, სოფელ საროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ სარწყავი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრის პირობა მისცა. როგორც შეხვედრაზე გაირკვა სოფლის საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი სტიქიის შედეგად დაზიანდა. პრემიერის განცხადებით, ზარალის დათვლის შემდეგ ფინანსთა სამინისტრო საჭირო თანხას გამოყოფს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საროს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის გამგებელთან და ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტთან მეუფე თეოდორესთან ერთად ესტუმრა. პრემიერმა სოფელში “მთავარანგელოზის” სახელობის ტაძარიც მოინახულა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სარო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
იგი 16:00 საათზე ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას
შეხვდება.