ადიგენში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 124 000 ლარი შეადგინა. წყალდიდობის შედეგი სპეციალურმა კომისიამ ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის კუთხით შეისწავლა. კომისიის წარმომადგენელთა განმარტებით, ინფრასტრუქტურის კუთხით მუნიციპალიტეტმა 85 000 ლარით იზარალა. ხუთ ტერიტორიულ ორგანიში სტიქიამ ხიდები, სოფლებში მისასვლელი გზები და სარწყავი არხები დააზიანა.
რაც შეეხება სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ნათესები 4,5 ჰექტარ ფართობზე განადგურდა. სოფლის მეურნეობის კუთხით ზარალმა 39 000 ლარამდე მიაღწია. განადგურდა კარტოფილის, სიმინდისა და ლობიოს ნათესები და ბოსტნეული.
საბოლოო მონაცემებს ზარალის დამდგენი კომისია საქართველოს მთავრობას გადაუგზავნის. კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექი 13 მაისს დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის 6 სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა.