ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილი ტონობით კარტოფილს მიწაში ტოვებს. მშრალმა და სველმა სიდამპლემ თითოეულ ფერმერს მოსავლის თითქმის 80% გაუნადგურა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზაფხულზე ბანკიდან აღებული კრედიტით დათესილი კულტურის მოსავლელად, ათასობით ლარი დახარჯეს, თუმცა, შემოდგომაზე სარეალიზაციო რაოდენობა ვეღარ მიიღეს. ფერმერების თქმით, აღებული მოსავალი, მხოლოდ ოჯახში საკვებად ეყოფათ.
ადგილობრივები კარტოფილის ლპობას ჭარბტენიანობას უკავშირებენ. ზაფხულში ხანგრძლივი წვიმების გამო, კარტოფილი ფიტოფტორით და ალტერნარია სოლანით დაავადდა, რამაც კულტურის ლპობა გამოიწვია. ფერმერები დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.
„დააახლოებით , 30 წელია სოფლის მეურნეობის სფეროში ვმუშაობ და ასეთი შედეგი არცერთ წელიწადს მინახავს“ – აცხადებს სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგრო კონსულტანტი. ნუგზარ კაველიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლიდან რეგიონში მეკარტოფილეობამ, როგორც დარგმა აღარ იარსებოს.
ფერმერებს, რომ სეტყვისა და ჭარბი ნალექის შემდეგ, შესაბამისი პრეპარატები დროულად გამოეყენებინათ, შედეგი სავალალო არ იქნებოდა – მიაჩნია სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსს. ნანა ზუბაშვილის განმარტებით, სოფლის მაცხოვრებლების იმ კატეგორიამ, რომელმაც კულტურას სრული ტექნოლოგიური მომსახურება ჩაუტარა, გაცილებით მაღალი მოსავალი მიიღო.
კარტოფილის ამოღება ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მონაცემებით, ამ დროისათვის, ფიტოფტორით დაავადებული კულტურის რაოდენობა, საერთო მოსავლის 5 %– ს შეადგენს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე