“ვანო ბიძინას პირადი პატიმარია”, “წადი, ბიძინა, წადი!” “ბიძინა ქვეყნის სირცხვილი” – ამ ტრანსფარანტებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ახალციხეში საპროტესტო აქცია გამართეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის პირველი პირები და აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის ქალაქში ვიზიტს აპროტესტებენ.
„ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და განახორციელა ისეთი პროექტები, რომელმაც ბიძგი მისცა ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქალაქს, დღეს არის ბიძინას პირადი პატიმარი სრულიად უსაფუძვლოდ. გარდა ამისა, 2012 წლის შემდეგ ახალციხე და სამცხე–ჯავახეთი მიტოვებული, მიგდებულია უპატრონოდ. არ გვინახავს არცერთი სერიოზული ინვესტორი, არ აშენებულია დაპირებული არცერთი ქარხანა 100 ქარხნიდან“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გელა დემეტრაძემ.
მისივე თქმით, ისინი ეცდებიან ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილს ხმა მიაწვდინონ.
ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობაში სამცხე–ჯავახეთის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.
თიკო კურტანიძე