ბორჯომისა და ბაკურიანი ყოფილი მიტროპოლიტი საბერძნეთში, ათონის მთაზე მიემგზავრება. 18 სექტემბერს, მრევლი მეუფე სერაფიმეს გასაცილებლად თბილისის სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბა.
მიტროპოლიტმა, სასულიერო პირებთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში 21 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მეუფე სერაფიმე ღვთისმსახურებაში მონაწილეობას რიგითი ბერის ტიტულით იღებდა.
მეუფემ ტაძარში მის გასაცილებლად მისული მრევლი დალოცა და სიყვარულისა და ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა.
,,კიდევ ერთხელ მინდა ყველა დაგლოცოთ, კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგეფეროთ, გამოვხატო ჩემი სიყვარული თქვენს მიმართ. თქვენი ლოცვით მივემგზავრები ათონის მთაზე, ჩემი სურვილია, რომ დავრჩე იქ. თუმცა, ჩემზე არ არის არაფერი დამოკიდებული“ – განაცხადა მეუფემ მიმართვისას.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, მეუფე სერაფიმე ათონის მთაზე 20 სექტემბერს გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას დროებით, თავდაპირველად, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჩაიბარა. მიმდინარე წლის 12 სექტემბერს კი უწმინდესის გადაწყვეტილებით, ეპარქიის დროებით მმართველად გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია დაინიშნა.
ფოტოების ავტორი: სალომე მეხრიშვილი
თიკო კურტანიძე