ამ წუთებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისთან აქცია იმართება. ადგილობრივი მკვიდრი როინ თაქთაქიძე სიტყვით გამოდის და მოსახლეობას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. აქციაზე 60 –მდე აქტივისტი იმყოფება.
“აქცია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დარბაზიც” შეუერთდა” – განუცხადა “მეცხრე არხს” ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოდერძი კუბლაშვილმა.
“შორს სისხლიანი ხელები ჩვენგან”, “აღარ გვინდა კრიმინალები პოლიტიკაში”, “ნაცებო მოცოცხეთ” – ამ ტრანსფარანტებით აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებთან ერთად ქალაქის ქუჩები შემოიარეს და “ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის შტაბთან გაჩერდნენ. ისინი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების ახალციხეში ვიზიტს აპროტესტებენ.
ამ წუთებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის შტაბში გიგი უგულავა, მიხეილ მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრები იმყოფებიან.
სიმბოლურად, “ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისთან ორი ცოცხი დევს, რომელიც აქციის მხარდამჭერებმა მიიტანეს.
აქციის შესახებ დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.