საქართველოს
საპატრიარქოში, დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე
ჭუაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბზობის დღესასწაულთან
დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მათ მოსახლეობას მოუწოდეს თავი
შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან. ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა,
რომ კოლხური ბზა ენდემურ სახეობას წარმოადგენს და წითელ ნუსხაშია
შეტანილი, ამიტომ მისი უკანონოდ მოპოვება კანონით ისჯება. მინისტრის
განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ მოჭრილი ბზის
გამოვლენის შემთხვევაში, პირი 200 –დან 500 ლარამდე თანხით
დაჯარიმდება. თუ ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, მას სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა ემუქრება. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა , მოსახლეობას ბზობის
დღესასწაული წინასწარ მიულოცა; ,,ხშირად
დღესასწაულთან დაკავშირებით უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება უნიკალური
კოლხური ბზა, უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზის
შეძენაში არ გამოიხატება. დღესასწაულზე საკმარისია თუნდაც ერთი ტოტის
ყიდვა”–აღნიშნა მეუფე
თეოდორემ. როგორც ბრიფინგზე ითქვა, უმჯობესია სპეციალურად ამ
დღისათვის სანერგეებში გამოყვანილი ბზების შეძენა, რომელსაც
აკურთხებენ ეკლესიებში. ხათუნა გოგალაძემ და მეუფე თეოდორემ იმედი
გამოთქვეს, რომ მოსახლეობა მათ რჩევებს გაითვალისწინებს.