“ნაციონალური მოძრაობა”
თვითმართველობიოს არჩევნებისათვის შიდა პრაიმერებს იწყებს. აღნიშნულის
თაობაზე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გააკეთა,
რომელსაც უცვლელადს გთავაზობთ.
“ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შესაბამისად,
ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა
მოძრაობამ“ დაიწყო მზადება, ჩვენ ვატარებთ შიდა არჩევნებს –
პრაიმერებს.
სამწუხაროდ, ამ პროცესს „ქართულმა ოცნებამ“ დაუპირისპირა
სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა,
ადგილობრივი ლიდერების წინააღმდეგ.
კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მონაწილეობენ კონკრეტული მოსამართლეები, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ ვსაუბრობდით ამ მოსამართლეების მხრიდან ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაზე, როცა იხილებოდა ვანო მერაბიშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. მაშინ ხელისუფლებამ საქმე ხელოვნურად გადაიტანა ქუთაისში, რადგან მათ ჰქონდათ გარანტია წინასწარი პატიმრობის შეფარდებისა.
გუშინ იმავე ახალბედაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ხონის რაიონის გამგებელს, ზურაბ ჯიბუხაიას და გამგებლის მოადგილეს, მერაბ ჭელიძეს. ბრალდება სრულიად აბსურდულია – ეხება ოთხი წლის წინ 12 ათასი ლარის ღირებულების შეშის დარიგებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ბრალდების შინაარსიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება.
პარალალურად, იმავე დღეს დააკავეს ახლად არჩეული დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი. მას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი დაემუქრა, რომ შეუქმნიდა პრობლემებს თუ თავს არ დაანებებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აქტივობებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს არჩილ კბილაშვილმა განაცხადა პროკურატურის ახალი სტანდარტის შესახებ, რომ ე.წ. „თეთრი საყელოს“ დანაშაულებთან (სამოხელეო და ფინანსური) დაკავშირებით პროკურატურა აღარ მოითხოვდა წინასწარ პატიპრობას. ეს განცხადება არაერთხელ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიუხედავად ამისა, მაინც მოითხოვეს წინასწარი პატიმრობა, რაც სასამართლომაც დაუკმაყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო არა დანაშაულზე რეაგირება, არამედ პოლიტიკური დევნა.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ხონის მოქმედი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი იღებდნენ მონაწილეობას პრაიმერიზში და დიდი ალბათობით სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ხონისა და დუშეთის რაიონების გამგებლის არჩევნებში.
ამასთან, 2012 წლის 1–ლი ოქტომბრის შემდეგ, თითქმის ყველა რაიონში დაიწყო ანალოგიური პროცესები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების მიმართ მასობრივად დაიწყეს გამოძიებები და საქმე წყდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეწყვეტდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას.
ნათელია, რომ გრძელდება ხელისუფლების კამპანია მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურების მიზნით, ამ ამოცანის თაობაზე არაერთხელ ღიად განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მოვუწოდებთ ყველა მოსამართლეს, არ გახდნენ ამ პოლიტიკური კამპანიის ინსტრუმენტი.”