საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს. 8 სექტემბრიდან, ამომრჩევლებისთვის ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიები დაარიგებენ.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია, 7 ოქტომბერს, მედიას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მიაწოდა. „ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
მისივე თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია 8 სექტემბრიდან ყველა საარჩევნო უბანზე იქნება გამოკრული და ამომრჩევლებს ადგილზე შეეძლებათ მონაცემების გადამოწმება.
ანა მიქელაძის განცხადებით, 12 აგვისტოს მდგომარეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან დღემდე 719 499-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.