საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას
შეფასებით, ე.წ. სადავო ეკლესიების საკითხი ფაქიზი, კონფლიქტსაშიში
თემაა.
როგორც გურამ ოდიშარიამ სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
აღნიშნა, ამ თემაზე ფეხის შედგმა დანაღმულ ველზე სიარულს გავს.
მინისტრმა აღიარა, რომ სანამ უწყების ხელმძღვანელად დანიშნავდნენ,
მასაც ეგონა, რომ სადავო ეკლესიის საკითხებს კულტურის სამინისტრო
იხილავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის.
“ჩვენ ვიცავთ ნებისმიერ ძეგლს და როდესაც ძეგლს უჭირს, მას აუცილებლად
შესაბამის სპეციალისტებს ვაჩვენებთ, ეს იქნება – ებრაული, სომხური,
გრიგორიანული, მართლმადიდებლური, კათოლიკური და ა.შ. წარმომავლობასთან
დაკავშირებით არსებობს ეროვნული აკადემია, მეცნიერები და ინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო. კულტურის სამინისტროში ასეთი ტიპის
სპეციალისტები არ არიან”, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ყველაფრის მალამო არის დიალოგი და სხვადასხვა კონფესიის
ადამიანები ერთად უნდა დასხდნენ და ისაუბრონ. როგორც მინისტრმა
აღნიშნა, გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, სამთავრობო კომისია მიიღებს,
თუმცა მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი არ განიხილება.