“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პრესკონფერენცია გამართა. გოდერძი კუბლაშვილმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამი საკითხი განიხილა.
მან დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნუგზარ პარუნაშვილს მიმართა და კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა. გოდერძი კუბლაშვილმა მას ვადა 30 აგვისტოს 17:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში“ პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი პოლიტიკური სქემის გაჟღერებას დაპირდა, რომლის მიხედვითად გარკვეული პირები არაკანონიერად მოქმედებენ. ამის შესახებ მასალები გოდერძი კუბლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადასცა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა, „პატრიოტთა ალიანსის“ ადიგენის შტაბის უფროსს ლევან ბერიძეს უკავშირდება. გოდერძი კუბლაშვილის თქმით, ბერიძემ ნდობით ისარგებლა და მისი ავტომობილით ორი ნახატი, მეცხრამეტე საუკუნის ტილო თბილისში გადაიტანა. გარდა ამისა, კუბლაშვილი ბერიძეს მისი კუთვნილი 1 840 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს. მაჟორიტარობის კანდიდატი სამართალდამცველებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
კუბლაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი კონკურენტების ერთი ჯგუფი სახელისუფლებო რესურსით, მეორე კი ფინანსურით სარგებლობს, მას არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლა ყოველგვარი რესურსის გარეშე უწევს. ამიტომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი მათ ღია ცის ქვეშ დებატებს სთავაზობს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.