“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალციხის მერობის კანდიდატი დაასახელა. მხარდამჭერებს ირაკლი ერეკლიშვილი პარტიის ლიდერმა სერგო რატიანმა წარუდგინა.
შეხვედრა “ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისში შედგა. სერგო რატიანმა მხარდამჭერებს კანდიდატი გააცნო და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის მზაობა გამოთქვა.
“შესაძლებელია ყოველთვის მოვიდეს უკეთესი მთავრობა. ქართველ ხალხს ასე ეგონა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო გაემართლებინა ხალხის მოლოდინი. ჩვენ გვეძლევა შანსი, რომ 8 ოქტომბრის მეორე დღიდანვე დავიწყოთ განვითარება” – აღნიშნა სერგო რატიანმა.
“მე არ ვიბრძვი არც თანამდებობისთვის, არც სკამისთვის. მე ვიბრძვი ჩემი ქალაქისთვის. ჩემი ქალაქის კეთილდღეობისთვის” – განაცხადა მედიასთან ახალციხის მერობის კანდიდატმა.
ირაკლი ერეკლიშვილი 1973 წლის 26 აპრილს, ახალციხეში დაიბადა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესხეთის ფილიალში ეკონომიური ფაკულტეტი. 2005 წლიდან 2012 წლამდე ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2012 წლიდან დღემდე კერძო ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ახალციხის მერობის კანდიდატები სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჯერ არ დაუსახელებიათ.
თიკო კურტანიძე