შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორთან ზვიად ქაწაშვილთან ერთად, ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ახალციხის განახლებული შენობა გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ახალციხის სამმართველოს განახლებული შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, შეკეთდა სასწავლო კოშკურა.
შს მინისტრის მოადგილემ სამმართველოს რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა.
განახლებულ შენობაში 33 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომელი იმუშავებს.
შს სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2016 წელს განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 11 შენობა და აშენდა ერთი ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე სამი ახალი ნაგებობის მშენებლობის დასრულება და ერთი ძველი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.
|