შსს-მ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან
საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ადიგენის
რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული გენადი გ.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში, ფერსათის მთის ფერდობზე მდებარე
საზაფხულო საძოვარზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე,
ურთიერთშელაპარაკებისას, 1970 წელს დაბადებულ ჯემალ სულაბერიძეს
სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვლა.
სამართალდამცველებმა გენადი გ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის
ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ–ის 108–ე მუხლით).