ადიგენში მომხდარ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება ბათუმში ვიზიტის დროს გააკეთა:
„მე მინდა გამოვეხმაურო იმ უკანონობას, რომელიც ჩადენილი იქნა ქართველი მუსლიმების მიმართ და რომელმაც აღაშფოთა ბევრი ქართველი მართლმადიდებელი. რაც მოხდა ადიგენში, წინასწარგანზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის პროვოკაცია, რომელიც საბოლოო ჯამში აპირისპირებს ქართველს ქართველთან და ეს არის გაგრძელება მრავალთვიანი ტენდენციის. ის, რომ წინა მთავრობის დროს ასე არ ხდებოდა, ეს არ იყო შიშის ბრალი, ეს იყო იმის გამო, რომ ჩვენ ყველანი მუდმივად ვიმეორებდით, რომ საქართველოში არის ყველა თანასწორი. მე მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს შურისძიების ენით ლაპარაკი, მე მოვუწედებ ყველას, რომ ერთმანეთთან ვიმუშაოთ სამოქალაქო მშვიდობის მიღწევის კუთხით, ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი რთული გეოპოლიტიკის გათვალისიწინებით, როცა მეზობლები გვყავს თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები და ეს მათთანაც გვიქმნის პრობლემებს, პრაქტიკულად ჩვენ ვრჩებით პირისპირ მხოლოდ ერთი მეზობლის, ჩვენი დამპყრობლის, რუსეთის მიმართ. ასეთი პროვოკაციების შედეგად ჩვენ ვრჩებით დაუცველები. მინდა მთავრობას მოვუწოდო, რომ ჩამოაყალიბოს მწყობრი პოლიტიკა და გამოხატოს პოზიცია რათა მომავალში ვერავინ ვერ შეძლოს ასეთი რამის გაკეთება, მუსლიმებისთვის მინარეთის მოხსნა იგივეა, რაც მართლმადიდებლებისთვის და საერთოდ ქრისტიანებისთვის, ეკლესიიდან ჯვრის მოხსნა და ამას აქვს თავისი შედეგები.
მე აქ მოვედი, მეჩეთის წინ, სწორედ იმის გამო, რომ დავით აღმაშენებლის ტრადიციაა საქართველოში, რომ საქართველოს მმართველები, პოლიტიკოსები, ყველა აღმსარებლობას ერთნაერად სცემდნენ პატივს და მე როგორც მართლმადიდებელმა, მინდა გამოვხატო სრული პატივისცემა ჩვენი მუსლიმი სისხლის და ხორცის მიმართ. საქართველოში არის რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმი, მსოფლიოში არის რამდენიმე მილიონი მუსლიმი ქართველი და არავის არა აქვს უფლება რაიმე სახის შუღლი ჩამოაგდოს მათსა და დანარჩენ ქართველებს შორის– განაცხადა ბათუმში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა.