22 მეტრიანი მინარეთის კონსტრუქცია სოფელ ჭელაში დღეს დაიშალა, იგი სამართალდამცავებმა სოფლიდან გაიტანეს. აღნიშნულ ფაქტს ჭელაში მცხოვრები მუსლიმები აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მათთვის უცნობი იყო, როდის აპირებდა ადგილობრივი თვითმმართველობა მინარეთის დაშლას. ადგილობრივების თქმით, მათზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ჭელის მკვიდრები ამბობენ, რომ აღნიშნულ ფაქტს ისინი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და ყველა საჭირო ინსტანციას მიმართავენ.
სოფელ ჭელაში მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟმა სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, დაკავებულია 11 ადამიანი, რომლებიც ამ დროისათვის,ახალციხის სამმართველოში გადაიყვანეს.
სოფელ ჭელაში ამ წუთებში ,,ექოს” კორესპონდენტი, შორენა სურმანიძე იმყოფება. მისი თქმით, დემონტაჟის დროს ჭელისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო. ტერიტორიაზე არ უშვებდნენ მედიის წარმომადგენლებსაც.
ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ,,ექოს” გადამღები ჯგუფი პერიოდულად მოგაწვდით.