ასპინძაში,
რწმუნებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით “მე–9
არხს” ტერიტორიული გაერთიანების ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ.
სოფელ რუსთავის თემის რწმუნებული “ექოს” უყვება, რომ გამგებელმა ლევან ცაბაძემ, ისინი 2 აგვისტოს დაიბარა თათბირზე და განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაეწერათ. ” გამგებელმა გვითხრა, რომ დავალებული აქვს ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება და “ქართული ოცნების” წევრებმა უნდა ჩაგვანაცვლონ “ – ამბობს ჯემალ იაკობაძე.
რწმუნებულების გათავისუფლება კონკრეტულად ვისგან აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავალებული, ამაზე თემის ხელმძღვანელები ვერ საუბრობენ. ამ დროისათვის 14 რწმუნებულიდან და 7 სპეციალისტიდან განცხადებები სოფლების ოშორის, ოთის, ტოლოშის, მირაშხანის ვარგავისა და დაბა ასპინძის რწმუნებულს არ დაუწერიათ.
დაბა ასპინძის რწმუნებული “მე–9 არხთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ განცხადების დაწერას არ აპირებს, რადგან ლევან ცაბაძეს ზუსტი მიზეზი, რატომ სურს მათი სამსახურიდან გაშვება არ უთქვამს. ” გვეუბნება, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ, მიზეზს კი ვერ გვიკონკრეტებს. განცხადებას არ დავწერთ და ყველას გავაგებინებთ, როგორ იქცევა ლევან ცაბაძე ასპინძაში”–განუცხადა დაბა ასპინძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა და გამგეობის სპეციალისტმა ალექსანდრე ნადიბაიძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, სპეციალური განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებმაც” გააკეთა: “ადგილობრივი თვითმმრთველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში თავად შეუძლია. შესაბამისად, “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ რწმუნებულების მიმართ წაყენებული მოთხოვნა, საკუთარი ნებით დაწერონ განცხადებები სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით, უკანონოა და შეიცავს მუქარისა და ზეწოლის ნიშნებს”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.