იუსტიციის მინისტრმა, ახალციხეში, მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების თაობაზე შეხვედრა გამართა.
თეა წულუკიანისგან, სიახლის შესახებ ინფორმაცია რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა მოისმინეს.
შეხვედრის მიზანი შეკრებილთათვის მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში მათ სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ.
მინისტრის თქმით, ამ დროის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთის ფილიალებში უკვე 80–მდე სარეგისტრაციო განაცხადია შესული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კანონი 31 ივლისს ამოქმედდა, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს. ცვლილების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომლითაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე