ბათუმი-ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წელს, თოვლის დადნობისთანავე დაიწყება – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, აღნიშნულ გზაზე სერიოზული პროექტის განხორციელება იწყება.
“ამ გზის მნიშვნელობა ჩვენც ძალიან კარგად გვესმის. ჯერ კიდევ 2013 წელს გაკეთდა განსახლების გეგმაც და პროექტირებაც, მაგრამ მაშინ ამის დამფინანსებელი დონორი არ გამოჩნდა და ბიუჯეტშიც შესაბამისი ფული ვერ გამოიძებნა. დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს გზა აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ერთ ლოტზე, რომელიც 30 კილომეტრს მოიცავს, დონორი მოძიებულია – ეს არის ქუვეითის განვითარების ფონდი. პრაქტიკულად, შეთანხმებული გვაქვს ყველა ძირითადი საკითხი. მას ხელი მოეწერება უახლოეს პერიოდში, ამას შემდეგ რატიფიცირება სჭირდება პარლამენტში. ეს პროცესი, ალბათ, ცოტათი გაიჭიმება, რადგან პარლამენტმა დაამთავრა უკვე მუშაობა, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, 30 კილომეტრის რეაბილიტაციისთვის დონორი უკვე არსებობს. 17 კილომეტრთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიმდინარეობს.