საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი გახდა. ცესკო საარჩევნო საკითხთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმზე ორ ნომინაციაში – „უმცირესობების ჩართულობა“ და „მოქალაქეების ჩართულობა“ იყო წარდგენილი.
ცესკომ გამარჯვება „უმცირესობების ჩართულობის“ ნომინაციაში მოიპოვა.საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადაეცა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ლიდერად დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო გარემოს შექმნაში. აღნიშნულ ნომინაციაში ფინალისტთა შორის ასევე იყვნენ – კამერუნისა და ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციები. რაც შეეხება ნომინაციას, „მოქალაქეების ჩართულობა“, საქართველოსთან ერთად ფინალისტთა შორის ინდოეთის, ალბანეთისა და შრი ლანკას საარჩევნო კომისიები მოხვდნენ.
საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია, უკვე რამდენიმე წელია საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება. რიგით მეცამეტე სიმპოზიუმზე, რომელიც მოზამბიკის რესპუბლიკაში გაიმართა, თამარ ჟვანიამ კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ამომრჩეველთათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეთავაზებულ სერვისებსა და ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი, ნათია ზაალიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წელს უკვე მესამედ გახდა. პირველი ჯილდო ცესკოს სწავლების ცენტრმა ნომინაციაში – ”პირველი ამომრჩეველი”, 2013 წელს მოიპოვა. 2015 წელს კი საარჩევნო ადმინისტრაცია „არჩევნების მართვის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.