უფლის ამაღლებიდან მეათე დღეს მართლმადიდებლები სულთმოფენობას ზეიმობენ. წელს დღესასწაული 19 ივნისს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება.
წმინდა წერილების მიხედვით, ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები იერუსალიმში სულიწმინდის მოლოდინში დაბრუნდნენ, რომლებიც რწმენით აღსავსენი ელოდნენ დაპირებული ნუგეშინისმცემლის მოვლინებას – ერთად იყვნეს “ყოველნი განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუისით და ძმებითურთ მისით”.
ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის 9:00 საათზე ზეციდან გარდამოვიდა სულიწმიდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით თავზე დაადგა. მოციქულებმა, რომლებიც მანამდე ებრაელების შიშით კარჩაკეტილ და დარაბებდაგმანულ სახლში იკეტებოდნენ და ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით, სხვადასხვა ენაზე ქადაგება დაიწყეს.
ატეხილი ხმაურის გამო უამრავი ადამიანი შეიკრიბა სახლთან, სადაც ქრისტეს მოწაფენი ცხოვრობდნენ. უსმენდნენ მოციქულებს და უკვირდათ, რადგან ყველას საკუთარ ენაზე ესმოდა ხარება ღვთაებრივი განკაცებისა და ხსნის შესახებ.
პირველივე დღეს მარტო წმ. პეტრე მოციქულის ქადაგებამ 3 000 ადამიანი მოაქცია.
ასე აღსრულდა სიტყვები უფლისა, მოციქულებს ელეონის მთაზე რომ უთხრა ამაღლების წინ: “მოიღოთ ძალა მოსლვისა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა”.
სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით იმოსება, რაც ადამიანის სულიერი განახლების მიმანიშნებელია. ტაძრებს რთავენ ყვავილებით, ფოთლებით, აყვავებული ტოტებით. მორწმუნეები წირვაზე ყვავილების თაიგულებში ჩამაგრებული ანთებული სანთლებით მიდიან. მათ სჯერათ, რომ სულიწმიდის მადლი ყვავილებზეც გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და სურვილისამებრ გამოიყენებენ.
სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგი კვირა მსგეფსია – ხსნილია ოთხშაბათი და პარასკევი. შემდეგ კი იწყება მარხვა, რომელსაც პეტრე-პავლობის მარხვა ეწოდება.
თიკო კურტანიძე