ახალციხის მერია პლატფორმას „დაიცავი თავისუფლება“ რაბათში, ახალციხის ციხეზე ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ უფასო კონცერტის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. – ამის შესახებ განცხადებას პლატფორმის წარმოადგენლები აკეთებენ. მიუხედავად ახალციხის ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა, რომელთანაც მოლაპარაკება დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა, მათ მოულოდნელად შეცვალეს პირობები და პლატფორმას იჯარა გაუძვირეს – სტანდარტულ ფასზე 10-ჯერ მეტად – აცხადებენ ,,დაიცავი თავისუფლების“ წარმომადგენლები.
პირობების მოულოდნელად შეცვლა ადმინისტრაციამ მხოლოდ იმით ახსნა, რომ ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მოთხოვნადია.
ციხის ადმინისტრაციისგან მიღებული პასუხის შემდეგ პლატფორმამ ახალციხის მერიას მიმართა. ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ,,დაიცავი თავისუფლებას“ უარი კანონის ფარგლებში რამდენიმე მიზეზის გამო ეთქვა.
პლატფორმა „დაიცავი თავისუფლება“, ლიტვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახალციხეს და მის მიმდებარე სოფლებ, 6 ივნისს, ეწვია და კარდაკარ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ესაუბრება. კამპანია სამ დღეს გასტანს და ის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტით დასრულდება. კონცერტი ოთხშაბათს, 8 ივნისს, 18:00 საათზე, ახალციხის ციხის ნაცვლად, ქალაქის ცენტრში, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ გაიმართება.ჩვენ უფლებებისთვის სამართლებრივად ვიბრძოლებთ – აცხადებს კონსტიტუციური კვლევების ცენტრის იურისტი გიორგი ნონიაშვილი.
პლატფორმის რეგიონული კარდაკარ კამპანიების მიზანია, შეამციროს რუსული პროპაგანდის გავლენა ქვეყნის მოსახლეობაზე – დებატების და საჯარო დისკუსიების გზით. „დაიცავი თავისუფლებას“ მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობას ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში როგორც ევროპასთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის ჩვენებით, ასევე ამ გზაზე პრაქტიკული რჩევების მიწოდების გზით.