29 მაისს, ახალციხეში, უძველესი სინაგოგის აშენებიდან 275 წელი და მისი განახლებიდან 153 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას, სახელწოდებით ,,ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე“ მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს სხვა ქალაქებიდან და ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომლოცველები დაესწრნენ.
მეგობრობის დიდი ისტორიის დასტური – ასე უწოდა ზაზა ვაშაყმაძემ სამახსოვრო წიგნში ქართველ–ებრაელთა მეგობრობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს ახალციხეში. ტოლერანტობის სიმბოლო – ახალციხე ნათელი მაგალითია, იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენელთა მშვიდობიანი და მეგობრული მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება ერთ ქალაქში – მიაჩნია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს.
მინისტრებთან ერთად დღევანდელი დღე ქართველებსა და ებრაელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქე“– ს ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა. ყოფილი პრემიერის სატელეფონო ზარი ჯამლეტ ხუხაშვილის მობილურზე განხორციელდა.
იუბილეს არაერთი ცნობილი სახეც დაესწრო, მათ შორის, სახალხო არტისტი, ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი. სინაგოგაში შესრულდა ნაშუადღევის ლოცვა – მინხა, რისთვისაც მინიმუმ 10 მამაკაცია საჭირო.
სპეციალურად ქართულ–ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნავად ახალციხის ციხეზე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული კონცერტი გაიმართა. სტუმრებმა სამხატვრო სკოლისა და თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძის ნამუშევრები, ასევე ციხის კომპლექსი და მუზეუმი დაათვალიერეს. 29 მაისის ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული საზეიმო კონცერტით დასრულდა.