ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა მშენებლობის მოსაკრებლის გადახდის წესში ცვლილება შეიტანეს. ამიერიდან ხაზოვან მშენებლობებზე კომპანიას ან პიროვნებას, ერთი კვადრატული მეტრის ნაცვლად, ერთი ლარის გადახდა ერთ მეტრზე მოუწევს. დეპუტატებმა ცვლილების დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს წევრებმა ასევე ერთხმად უყარეს კენჭი მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებას. საქმე ეხება საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიას, რომელსაც აუდიტი შეისწავლის და აუქციონზე გავა.
საკრებულოს სხდომაზე დანარჩენი ოთხი საკითხი სამსახურებისა და ა(ა)იპებ–ის 2015–2016 წლებში გაწეულ მუშაობას შეეხო. შესაბამისი ანგარიშები „სათნოების სახლმა“, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, კულტურისა და საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურებმა წარადგინეს. საკრებულოს თავმჯდომარემ სათნოების სახლის მენეჯერს ინიციატივა შეთავაზა, ბენეფიციარებს, რომლებიც უფასო სასადილოში მისვლას ვერ ახერხებენ, სადილი სახლში მიუტანონ. დავით ლომიძეს შენიშვნები ჰქონდა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურთან. საკრებულოს თავმჯდომარემ თანამშრომლების მეტი დატვირთვა მოითხოვა.
|