ახალდაბელ ახალგაზრდასთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს
22:40 / 16.04.2020
30 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც კორონავირუსი დღეს, 16 აპრილს დაუფიქსირდა, ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ახალგაზრდა მამაკაცთან COVID-19 უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მას ანალიზი მხოლოდ იმიტომ გაუკეთეს, რომ მასთან ერთად მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაინფიცირებული მშობლებთან, ბორჯომის სოფელ ახალდაბაში 10 აპრილს ჩამოვიდა. კარანტინში კი 14 აპრილს გადაიყვანეს. მშობლების თქმით, დაინფიცირების წყარო ბიძაშვილია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბორჯომის ცხელების ცენტრში გუშინ მოათავსეს დაავადებულის და, თუმცა კორონავირუსზე მისი ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ლუგარს ლაბორატორიაშია გაგზავნილი 10 პირის ბიოლოგიური მასალა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ დაინფიცირებულ მამაკაცთან. მათი პასუხები ხვალ, 17 აპრილს გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ რეგიონში კარანტინის ზომები გამკაცრდეს და ახალდაბა ჩაიკეტოს.