COVID19
ახალციხის ცხელების ცენტრში კორონავირუსი მეოთხე პაციენტს დაუდასტურდა


ახალციხის ცხელების ცენტრში საკარანტინე ზონიდან გადაყვანილ პირს, COVID-19 დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებამ ლუგარის ლაბორატორიიდან საეჭვო პაციენტების ანალიის პაუსხები დღეს, 7 მაისს მიიღო. ინფიცირებული უკვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. 

"დღეს დილით 11 პასუხი მივიღეთ, აქედან ცხრა პაციენტი, ორი კი ჩვენი თანამშრომელია. ყველა პასუხი უარყოფითია, გარდა ერთისა, რომელიც ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს. ჩვენი რეგიონის მკვიდრი არ არის", - გვითხრა კლინიკის დირექტორმა.

გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ შუა ხნის პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს. იგი ადგილობრივი არ არის და არც მოსახლეობასთან ჰქონია შეხება, რეგიონში ორკვირიანი კარანტინის გასავლელად, იზოლირებულად ჩამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში ვირუსის გამოვლენის ეს მეექვსე შემთხვევაა. კორონავირუსი ახალციხეში პირველ პაციენტს 25 აპრილს დაუდასტურდა. მეორე შემთხვევა 29 აპრილს გამოვლინდა, მესამე კი 30 აპრილს. 23 აპრილს დაუდასტურდა ინფექცია ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პირს. 

სამცხე-ჯავახეთმა მწვანე ზონის სტატუსი 16 აპრილს დაკარგა, როცა კოვიდ-19 ბორჯომის სოფელ ახალდაბაში, ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა.

| Print |