COVID19
არ ავიცრები - რა იციან უმცირესობებმა ვაქცინაციის შესახებ
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდა და პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობა ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. სამოქალაქო სექტორის, მედიისა თუ სახელმწიფოს მცდელობა - ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობა აქტიურად ჩართულიყო - ამ დრომდე პრობლემაა. ახალციხის, ახალქალაქისა თუ ნინოწმინდის სოფლებში ვაქცინაციასთან დაკავშირებული ადგილობრივების პასუხები თითქმის იდენტურია.
„სავალდებულო რომ გახდეს ვაქცინა, მაინც არ გავიკეთებ, თუ მოვკვდები მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით. ზოგი ამბობს, რომ აცრით პენსიონერების სიკვდილი უნდათ. თუ ხალხის დახოცვა უნდათ, აგვაფეთქონ და მოისვენონ, ამდენს რაღას გვაწვალებენ?“- ამბობს ახალციხის სოფელ წინუბანში მცხოვრები შუშან მანასოვი.
„მე და ჩემი ოჯახი არ ავიცრებით, შეიძლება სხვა რამე გაგვიკეთონ და სხვადასხვა დაავადებით დავინფიცირდეთ და მოვკვდეთ,“ - შიშობს ახალქალაქის სოფელ დიდი სამსარის მცხოვრები ტიგრან ავაგიანი.
ვაქცინაციის მითებში ჩაკარგული მოსახლეობა იმასაც აცხადებს, რომ ვაქცინა ფულის წყაროა, ვაქცინაცია კი პოლიტიკასა და ბიზნესთან პირდაპირ კავშირშია.
„არ გავიკეთებ ვაქცინას, რადგან კორონავირუსი რომც არ გქონდეს, მაინც გეტყვიან უნდა აიცრაო, ვფიქრობ ეს ყველაფერი ბიზნესია“- ამბობს ნინოწმინდის სოფელ სათხეში მცხოვრები მჰერ ღუკასიანი.
„მე ვაქცინას არ გავიკეთებ, ტყუილია.. წამალი ნამდვილი არ არის და უკვე აღარავის ვენდობი“, - ამბობს ახალციხეში, სოფელ აბათხევის მკვიდრი ნატალია თოროსიანი.
იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღონ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა აქტივობებს მართავს - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში. გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მედიასაშუალებებით სომხურ ენაზე გადაიცემა ყველა საჭირო ინფორმაცია ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.
„კორონავირუსის შესახებ ყველა ადამიანს ამომწურავი ინფორმაცია აქვს. რაც შეეხება პერიოდულად, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ ამ ინფორმაცის ვთარგმნით უმცირესობებისთვის მისაღებ ენაზე. ნათარგმნი განცხადებები ვრცელდება როგორც სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, ასევე მედიაში. ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია აუცილებელია იმისათვის, რომ ყველა მოქალაქეს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ვაქცინაციის პროცესს“, - იმედოვნებს მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.
კორონავირუსის, მის წინააღმდეგ არსებული რეგულაციების და ვაქცინაციის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა აუცილებელია, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების - განმარტავს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი. ვილი პაჭკორიას აზრით, ანტივაქსერული განწყობების გასაფანტად აუცილებელია სწორი და თანმიმდევრული საინფორმაციო კამპანიის წარმართვა როგორც სახელმწიფო, ასევე უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე.
„ჩვენ დიდი წვალების შემდეგ მოვიპოვეთ ვაქცინა, მაგრამ მოსახლეობა მენტალურად მოუმზადებელი აღმოჩნდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ არაინფორმირებულობის გამო, ვაქცინაცია ქვეყანაში შესაძლებელია, ჩავარდეს“.
მისივე თქმით, საინფორმაციო კამპანია საქართველოში ჯერ კიდევ იანვრიდან უნდა დაწყებულიყო და სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი ბუკლეტები და ბროშურები მოსახლეობას დარიგებოდა. „კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის განცხადებით, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა ნიშნავს მეტ აცრილ ადამიანს.
,,ვაქცინაცია გადარჩენის ერთადერთი გზაა. პროცესი რაც უფრო სწრაფად დაიწყება ქვეყანაში, მით სწრაფად დაუბრუნდება საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამისათვის, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ არანაირი ხიფათი და საშიშროება ამ ვაქცინიდან არ არსებობს. კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ისეთივე უსაფრთხოა, როგორც წითელას საწინააღმდეგო აცრები, გრიპის ვაქცინა, და ა.შ“ - აცხადებს ვილი პაჭკორია.
საკითხზე, თუ რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა კორონავირუსის ვაქცინის შესახებ, NDI-ს კვლევები არსებობს. 23 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს. აცრაზე თანახმაა მოსახლეობის მხოლოდ 35%, ხოლო 12%-მა არ იცის ჩაიტარებს თუ არა ვაქცინაციას.
ამავე ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 74%-ს კორონავირუსის ვაქცინის შესახებ სამედიცინო სფეროს მუშაკებს ენდობა. არ ენდობა 19%.
62% ვირუსის შესახებ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდობა, 30%-ს კი მთავრობის არ სჯერა.
მედიის მიმართ ნდობა 56%-ს აქვს, ჟურნალისტების არ სჯერა 34%-ს.
რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ 47% ენდობა, 15% ეკლესიას უნდობლობას უცხადებს, 33% კი სასულიერი პირებისგან Covid-19-ზე ინფორმაციას არ იღებს.
NDI-ს აღნიშნული კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით, ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
გააზიარეთ :