24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა
დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და რეფერენდუმით იმავე წლის 1 დეკემბერს დადასტურდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა.
„დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დამოუკიდებლობის დღე უკრაინელ კოლეგას სატელეფონო ზარით მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი სამხედრო პაკეტის გამოყოფას დაპირდა. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გაავრცელებს.
„პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად; დრონის აღჭურვილობა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე ფრონტის ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალა და მობილური სარაკეტო სისტემები“, - განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სამხედრო დახმარების ღირებულება 125 მილიონი დოლარია.