დოკუმენტური ფილმი
მარტივი იდეიდან მკლავჭიდის პირველ კლუბამდე
„რატომ არ უნდა ჰყავდეს ახალციხეს მკლავჭიდელთა გუნდი?“ - თქვა პირველკურსელმა გაგა გელაშვილმა და მალევე შექმნა კლუბი, სადაც 35-მდე ახალგაზრდას უსასყიდლოდ ავარჯიშებს. გაგას მოსწავლეები ასპინძის, ადიგენის და ახალციხის სოფლებიდანაც დადიან და სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვებების შემდეგ, უკვე მაღალი კლასის ჩემპიონატებში მონაწილეობისთვისაც ემზადებიან. სანამ აქამდე მოვიდოდა, ახალგაზრდა მკლავჭიდელს რთული გზის გავლა დამოუკიდებლად, ტრენერის გარეშე მოუწია.

ახალციხის სოფელ საყუნეთში მცხოვრები გაგა გელაშვილი აბიტურიენტი იყო, როცა მეგობრებთან ერთად, ბედი მკლავჭიდში სცადა. პირველი შეხება სპორტული ორთაბრძოლების ამ სახეობასთან წარუმატებლად დასრულდა, თუმცა გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა, რომ 18 წლის გაგა მკლავჭიდით დაინტერესებულიყო.

„2016 წელი იყო, ამ წლის დავიწყება არ შემიძლია. აბიტურიენტი ვიყავი, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ჩემმა კლასელებმა, რომლებიც ყოველ წელს გადიოდნენ ახალციხელობის დღეზე მოყვარულების მკლავჭიდის ჩემპიონატზე, მეც წამიყვანეს. რა თქმა უნდა, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ საბედნიეროდ, „მოვიწამლე“ ამ სპორტით“, - გვიყვება გაგა.

აღმოაჩინა, რომ ახალციხეში არც მკლავჭიდის გუნდი არსებობდა და არც მწვრთნელი, ამიტომ ვარჯიში დამოუკიდებლად დაიწყო. ტრენაჟორები კუსტარულად, სახლში მოაწყო და ინტერნეტში ვიდეოგაკვეთილები მოიძია. რადგან ამ სპორტით დაინტერესებული ადამიანი ვერ ნახა, შეჯიბრება და ვარჯიში წარმოსახვით მეტოქესთან უწევდა. როცა მკლავჭიდის ტექნიკაში გაერკვა და სხეულიც საკმარისად გაავარჯიშა, სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა დაიწყო. ჩემპიონატები ეხმარებოდა, რომ შეცდომები აღმოეჩინა და სახლში დაბრუნებულს მასზე მუშაობა გაეგრძელებინა.

“იუთუბ გაკვეთილებით ვვარჯიშობდი. თბილისში ჩავდიოდი, მაგრამ სამწუხაროდ პატრონი თუ არ გყავს, ყურადღებას არავინ გაქცევს. მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემით მესწავლა ყველაფერი, ასე მივაღწიე ყველაფერს. მე, რომელსაც ტრენერი არ მყავდა, საერთაშორისო შეჯიბრებები მოვიგე, უკვე დავინახე წინ რა იქნებოდა“.

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ კლუბის შექმნაზე ფიქრი დაიწყო. ამისთვის მოხალისეების გარდა, ინვენტარი და სავარჯიშო დარბაზი სჭირდებოდა. სავარჯიშოების ნაწილი თავად ააწყო, ტრენაჟორების შესაძენად ფული მერიას სთხოვა, უნივერსიტეტმა კი სარდაფი დაუთმო, სადაც სავარჯიშო დარბაზი მოაწყო. ამის შემდეგ გუნდის შერჩევის დრო დადგა. გადაწყვიტა სამოყვარულო ჩემპიონატი გაემართა, სადაც მკლავჭიდით დაინტერესებული პირებიდან თანამებრძოლებს შეარჩევდა. ასე შეიქმნა 2019 წლის ბოლოს ახალციხეში მკლავჭიდის კლუბი.

„მკლავჭიდის ტრენერი ისე ვერ გავხდებოდი, სრულად რომ არ შემესწავლა ეს საკითხი. თბილისში გავიარე ფიტნეს ინსტრუქტორის კურსები. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. წარმოიდგინეთ, მოდის ადამიანი, რომელმაც არ იცის ვარჯიში. მას უნდა ასწავლო სწორი ვარჯიში, კვება, სწორი შეხედულება ჩამოუყალიბო სპორტის მიმართ. მინიმალურმა შეცდომამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს და მიგვიყვანოს ისეთ ტრავმასთან, რომელმაც სპორტსმენს ხელი შეუშალოს განვითარებაში“.

უნივერსიტეტის სარდაფში, 30 კვ.მ. ფართის ნესტიან ოთახში, რამდენიმე ტრენაჟორი დგას, რაც საბაზისო ვარჯიშებისთვის აუცილებელია, თუმცა საკმარისი არ არის. ამ ოთახში 35 მოსწავლე ვარჯიშობს, ოღონდ ნაწილ-ნაწილ, რადგან ყველა ერთად ვერ ეტევა. კლუბის წევრებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ზრდასრულები, მათთან ერთად ორი პარამკლავჭიდელიც ვარჯიშობს. ახალგაზრდები მეზობელი რაიონებიდანაც დადიან.

„ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქის მხარეს არ არსებობს მსგავსი კლუბი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ისინიც ჩავრთო. ჩავიდე და გაკვეთილები ჩავატარო. კვირაში ორი დღეც რომ დავუთმო, სავსებით საკმარისია, მთავარია ხელი შეგვეწყოს ამაში, დანარჩენს მე მივხედავ“.

სავარჯიშო ინვენტარის ნაწილს თავად აწყობს, ხანდახან კლუბის წევრები და მოსწავლეები ეხმარებიან. ხელის კუნთების გასავითარებელ ინსტრუმენტებს წყლის მილებისგან, ხის და რკინის ნაჭრებისგან ამზადებენ.

„საქართველოში იშვიათად იშოვება, უნდა გამოიწერო. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ, მთავარი მონდომებაა, ასე თანხასაც ვზოგავთ“.

გაგა გელაშვილი ახლა 24 წლისაა და საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია. მან გასულ წელს ბულგარეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე ხელით იასპარეზა. წუხს, რომ მისმა მოსწავლეებმა საზღვარგარეთ შეჯიბრებებში მონაწილეობა ვერ მოასწრეს. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია დაშლილია, საქართველოს ნაკრებს კი ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

მსოფლიო მკლავჭიდის ორგანიზაციამ საქართველოს ფედერაციის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა ქართულმა მხარემ ვერ შეძლო 2021 წლის მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება და ამით საერთაშორისო კონტრაქტი დაარღვია.
გადაწყვეტილების თანახმად, ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო მკლავჭიდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. სანქციების გამო საქართველოს ჩემპიონატი 2024 წლამდე ვერ ჩატარდება.

გაგა ამბობს, რომ ახალციხელ მკლავჭიდელებს საკმარისი დრო აქვთ, რომ ეროვნული ჩემპიონატისთვის მოემზადონ, მანამდე კი შიდა ტურნირებს არ აკლდებიან და საპრიზო ადგილებსაც იკავებენ.

„საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო არ არის. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრნი ვიქნებით, განსაკუთრებით პატარა ასაკის მონაწილეები. იქნებიან პარამკლავჭიდელებიც. დარწმუნებული ვარ კარგი შედეგი გვექნება“.

კარგი შედეგით ბოლო პერიოდში ხშირად ბრუნდებიან შიდა ჩემპიონატებიდან, თუმცა გაგა ამბობს, რომ გამარჯვებისთვის მიღებული მედალი და დიპლომი სპორტსმენისთვის მოტივაცია დიდხანს ვერ იქნება. მკლავჭიდელი ფიქრობს, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო უწყება წარმატებულ სპორტსმენებს არ წაახალისებს, ახალგაზრდები სპორტის ამ სახეობას თანდათან ჩამოშორდებიან.

ფინანსურ სირთულეებზე საუბრობენ გუნდის წევრები, რომლებიც სოფლებიდან ახალციხეში კვირაში რამდენიმე დღე, სავარჯიშოდ ჩამოდიან.

ახალციხელი მკლავჭიდელები საზღვარგარეთ დაგეგმილ ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის ემზადებიან, თუმცა ვერც საერთაშორისო შეჯიბრებებზე ასპარეზობას შეძლებენ დახმარების გარეშე. ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მათ თავდაუზოგავ შრომას გაითვალისწინებენ და მგზავრობის ხარჯებს მაინც დაუფარავენ.

მხარდაჭერის შემთხვევაში, გაფართოება სურს გაგა გელაშვილსაც. მკლავჭიდელს უნდა, რომ ვარჯში უფრო დიდ დარბაზში გააგრძელონ, რაც საშუალებას მისცემს, კლუბში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მიიყვანოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დააინტერესოს. მანამდე კი მუშაობას ისევ უნივერსიტეტის სარდაფში გააგრძელებენ.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 0 °C
img
ახალქალაქი -5 °C
img
ასპინძა 3 °C
img
ადიგენი 9 °C
img
ბორჯომი 1 °C
img
თბილისი 6 °C
img
აბასთუმანი -4 °C
img
ბაკურიანი -6 °C
img
ნინოწმინდა -5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.6776
EUR
EUR
1
2.8813
RUB
RUB
100
3.7888
TRY
TRY
1
0.1404
USD
USD
1
2.6410
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.