სოფლის ამბები
„დალიეთ ეს წყალი, ნაადრევი სიკვდილიდან მხოლოდ ეს დარჩა“, - წყარო ვარევანში, რომელიც ხალხს პატარა ბიჭის ამბავს ახსენებს
ხერთვისს რომ გაცდები, სოფელ თოკის ასახვევიდან, ჯავახეთის სოფლებში მოხვდები. თოკიდან დაახლოებით ორ კილომეტრში სომხური სოფლები იწყება, პირველი სოფელი კი ვარევანია. პატარა სოფელი ეთნიკურად სომხური ოჯახებითაა დასახლებული. მოსახლეობა ძირითადად მეკარტოფილეობას მისდევს.
ვარევნის მოსახლეობამ ზამთრისთვის თივის მოგროვება ჯერ კიდევ ივლისიდან დაიწყო.
ვარევნის უბნებში უსწორმასწორო, დაზიანებული გზები და ძველებური სახლებია.
ვარევანი ჯავახეთის სხვა სოფლებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ საუკუნოვანი ხიდი არსებობს, რომელიც სასწრაფოდ შესაკეთებელია.
სოფელში ახალაშენებული კლუბია, რომელიც ორი წელია არ ფუნქციონირებს. ობიექტში ავეჯი დაზიანებულია.
ადგილობრივების თქმით, უყურადღებობის გამო ბავშვები კლუბში თამაშობენ და ნაგავს ყრიან.
სოფელ ვარევანში წყარო დგას წარწერებით „დალიეთ ეს წყალი, ნაადრევი სიკვდილიდან მხოლოდ ეს დარჩა“, რომელიც სოფლის მოსახლეობას პატარა ბიჭის ისტორიას ახსენებს. ადგილობრივ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. წყარო ერთგვარად გარდაცვლილის მემორიალიც არის, რომელიც აბაჯანიანების ოჯახმა, ბიჭის ხსოვნის საპატივსაცემოდ დადგა.
სოფელში ეკლესია დგას, რომელსაც ადგილობრივები ღუნკიანოსს უწოდებენ. ამ ტერიტორიაზე ადრე სახლი იყო, სადაც ბერი დაბინავდა და სულიერ ცხოვრებას ეწეოდა. ღუნკიან ოსი 1781 წელს სომხეთის ქალაქ კარინაში დაიბადა. იქიდან სოფელ ვარევანში გადმოსახლდა და 1846 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით საცხოვრებელი სახლი ტაძრად გადააკეთა და ბერის საპატივსაცემოდ ეკლესიას ღუნკიანოსი უწოდა. ბერის მოღვაწეობის შესახებ, ტურცხელმა მწერალმა წიგნი დაწერა. სოფელმა ბერის ხსენების დღედ 2 ივლისი დააწესა. ყოველ წელს ადგილობრივი მოსახლეობა ღუნკიანოსის დღესასწაულს ძღვენით აღნიშნავს.
ახალქალაქის სოფელ ვარევანში ეკლესიის აგება 1856 წელს დაიწყო და 15 წელი გაგრძელდა. ეკლესიის სამრეკლოზე წეროების ბუდეა. ისინი ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილზე ბრუნდებიან.
მოსახლეობამ ბუდისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და სხვა ბუდეც დადგა, თუმცა წეროებმა მაინც სამრეკლოზე ყოფნა ამჯობინეს.
სოფელში არის „ხაჩქარი“ ე.წ. ქვის ჯვარი რომელიც მოსახლეობამ IX-XX საუკუნეებში დადგა. აქ სხვადასხვა დღესასწაულებს შესაწირით აღნიშნავენ და სანთლებს ანთებენ. სოფლის მოსახლეობას ქვაჯვრის ძალის სჯერა. ვარევნის სხვა ნაგებობის მსგავსად, „ხაჩქარსაც“ საკუთარი ლეგენდა აქვს. ლეგენდის თანახმად, თეთრებში ჩაცმული ერთი ანგელოზი ამ ტერიტორიაზე ხშირად ლოცულობდა. ამ მოვლენას ვარევნელი მამაკაცი ყოველდღიურად ესწრებოდა. შემდეგ ანგელოზი წამებში ქრებოდა. ამის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ქვის ჯვარი დადგეს.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
გააზიარეთ :