სოფლის ამბები
მკაცრი კლიმატური პირობების პირისპირ - თოვლით დაფარული დიდი ხანჩალი
დიდი ხანჩალი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფლის დაარსების ისტორია 1829 წლიდან იწყება. ადგილობრივებში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ერთ კაცს ამ ტერიტორიაზე ხანჯალი დაეკარგა. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
დიდი ხანჩალი ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1 940 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ადგილობრივების თქმით, ზამთარში ყინვა აქ მინუს 35 გრადუსამდეც ეცემა. სამველ მალხასიანი ამბობს, რომ მკაცრი კლიმატისა და ძლიერი ყინვის პირობებში ცხოვრება თითქმის ხუთ თვეს გრძელდება.
მკაცრი კლიმატური პირობების გამო, მოსახლეობა ბუნებრივი აირის სპეციალური გამათბობლების მეშვეობით თბება. ოჯახებში გაზი მთელი დღის განმავლობაში უნდა ენთოს, თორემ სახლს ვერ გაათბობენ.
დიდ ხანჩალში ძირითადად მესაქონლებას მისდევენ. ადგილობრივები ხორცის საწარმოს არარსებობაზე ჩივიან. მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დიდი რაოდენობით ჰყავს, თუმცა მის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ამიტომ იძულებულნი არიან დაკლული პირუტყვის ხორცი ადგილობრივ მაღაზიებში დაბალ ფასად გაყიდონ.
დიდი ხანჩალის მოსახლეობა დიდი რაოდენობით რძის პროდუქტს აწარმოებს და ბაზარზე ჰყიდის, თუმცა ამბობენ, რომ მისი ფასი ბაზარზე, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებთან შედარებით ძალიან დაბალია.
სოფლის ერთ-ერთი ტრადიციაა რძის ქაფისგან დამზადებული საჭმელი. თხელი ცომისგან, სომხური ლავაშის მსგავსი გემრიელი დესერტი ოჯახებში ხშირად მზადდება. მას ადგილობრივები ,,სერს" უწოდებენ, რაც სომხურ ენაზე სიყვარულს ნიშნავს.
დიდი ხანჩალის ქალები ტკბილ ლავაშს წინასაქორწილოდაც ამზადებენ. ოჯახში ახლად მოსულ რძალს "სერს" ნიგოზთან და თაფლთან ერთად მიართმევენ, რაც სიტკბოების, დღეგრძელობისა და სიყვარულის სიმბოლოა.
ნინოწმინდიდან დიდი ხანჩალისკენ მიმავალ გზაზე, საბჭოური ტოპონიმიკა დღემდეა შემორჩენილი. ადგილობრივების თქმით, შენობას, სადაც ადრე ტრაქტორების ნაწილების ქარხანა ფუნქციონირებდა, რუსული წარწერა - „დიდება შრომას“ დღესაც „ამშვენებს“.
სოფელთან ახლოს მდებარეობს მეორე შენობაც, სადაც საბჭოთა კავშირის დროს, საავიაციო თვითმფრინავების ნაწილები მზადდებოდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ობიექტი, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და მას შემდეგ უფუნქციოდ დარჩა.
„რამდენიმე ხნის წინ, ამ შენობის გამო, უცხოეთიდან იყვნენ ჩამოსულები. შენობა აუქციონზე გაიტანეს, მაგრამ დიდი თანხის გამო არავინ იყიდა“, - ამბობს გიორგი ვარდაპეტიანი.
ნინოწმინდის დანარჩენი სოფლების მსგავსად, დიდ ხანჩლში მაღალ ბოძებზე ყარყატების ბუდეებსაც შეხვდებით. ადგილობრივების თქმით, ეს ფრინველები გაზაფხულზე მოფრინავენ და შემოდგომით უკან ბრუნდებიან.
თოვლით დაფარულ სოფელში ადგილ-ადგილ დიდი რაოდენობით თივის ზვინებსაც შეხვდებით. მოსახლეობა ზაფხულსა და შემოდგომაზე ბალახს აგროვებს, ღია ცის ქვეშ დგამს და ზამთარში პირუტყვის საკვებად იყენებს.
დიდ ხანჩალში 2014 წლის მონაცემებით 1 233 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის 99,8 % ეთნიკური სომეხია.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Finbro paskolos verslui
გააზიარეთ :