რუსეთში წასვლის ფასი 500-დან 1200 ლარამდე გაიზარდა - წინუბანში გაძვირებული ცხოვრების გამო ჩივიან
01:28 / 27.02.2021
ახალციხის მუნიციპალიტეტში ორი ერთნაირი სახელის მქონე სოფელია. ერთი ქართული, ხოლო მეორე სომხური თემით არის დასახლებული. ორივე მათგანს წინუბანი ჰქვია. იმ წინუბანში, სადაც სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, ახალციხიდან 13 კმ-ით არის დაშორებული. სოფელი ზღვის დონიდან 1330 მეტრზე მდებარეობს. თითქმის დაცლილი წინუბანი თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს. ,,წყალი მთიდან კი ჩამოუშვეს, მაგრამ გზაში წნევის მატების გამო მილი სკდება და ხალხი ისევ უწყლოდ ვართ", - ამბობს ბალასან ბალასანიანი და წინუბანში არსებულ პრობლემათა ჩამონათვალს აგრძელებს. სასმელი წყლის გარდა სოფელში სამედიცინო პუნქტის, ნორმალური საავტომობილო გზის, საბავშვო ბაღისა და სპორტული მოედნის არქონის გამოც ჩივიან.
დაუსაქმებლობა და უმუშევრობა წინუბანში მოსახლეობის რაოდენობას ყოველწლიურად ამცირებს. ადგილობრივების თქმით, სოფელში ხანშიშესული ადამიანების რიცხვმა იმატა. ასაკოვანი ადამიანების სიმრავლის მიუხედავად, წინუბანში არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი.
,,მარტოხელა ქალი ვარ, პატრონი არ მყავს, სოფელში არც ექიმია და არც მედდა. წყალთბილას თემში შედის თქვენი სოფელიო. ამხელა გზაზე ფეხით როგორ ვიარო?"- კითხულობს შუშანა მანასოვი.
სოფელში არც საბავშვო ბაღი და სპორტული მოედანი აქვთ. ადგილობრივების აზრით, უმუშევრობასთან ერთად ეს დამატებითი მიზეზია იმისა, რომ მოსახლეობა წინუბნიდან საცხოვრებლად სხვაგან წავიდეს.
,,სოფელში არც ბაღია და არც მოედანი. როდემდე ივლიან ჩვენი ბავშვები მეზობელ სოფელში? პრობლემა დროულად თუ არ მოგვარდება, სოფელში მალე აღარავინ დარჩება" - აცხადებს გრიშა ესაიანი.
წინუბანში იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი დაივიწყა, რადგან მათ ტერიტორიულ ერთეულში ეს სოფელი ერთადერთია, სადაც ნორმალური საავტომობილო გზა არ აქვთ, მაშინ როცა მათ გარშემო ყველა სოფლის გზა ასფალტირებულია. სოფელში არსებული პრობლემების გამო ადგილობრივები საქართველოში დატოვებული ოჯახების რჩენას რუსეთიდან ცდილობენ. პანდემიის გამო ისედაც გაღარიბებულ ოჯახებს ჯერ ჩაკეტილი საზღვრების, მოგვიანებით კი გაძვირებული მგზავრობის პრობლემა დაემატათ. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარი გაიხსნა, მოსახლეობის ნაწილს ქვეყნიდან გასვლა მაინც უჭირს.
,,ადრე თუ საქართველოდან გასვლა 500 ლარი ჯდებოდა, ახლა საზღვრის გადასაკვეთად 1200 ლარია საჭირო. ყველაფერი გაძვირდა. ჩვენ კი პანდემიის გამო ერთ წელზე მეტია სახლში ვართგამოკეტილები" - ამბობენ წინუბანში.
დაცლილ სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ამ დრომდე ელიან. ახალციხის მერის წარმომადგენელი სოფელ წინუბანში ამბობს, რომ პრობლემების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსშია. მკრტიჩ კარაპეტიანი იმასაც ირწმუნება, რომ დახმარებისთვის ახლადარჩეულ დეპუტატსაც მიმართა.
,,წყლის, გზის, საბავშვო ბაღისა და სამედიცინო პუნქტის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებასთან უკვე ვისაუბრე. პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დეპუტატიც შემპირდა. ახლა ველოდები როდის შეძლებენ სამუშაოების დაწყებას. წინუბანში თუ რამეა გაკეთებული, ერთი ადგილობრივი ადამიანის დამსახურებაა, რომელსაც საკუთარ სოფელზე გული შესტკივა" - აცხადებს მკრტიჩ კარაპეტიანი.
2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 425 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი მათი რიცხვი 250-მდე შემცირდა.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.