იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით განიხილავს
ფრაქცია "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე, მუხლობრივი მოსმენით განიხილავს. მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა.
განხილვა თავიდანვე მწვავე კამათით დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოფიციალური გაფრთხილება მისცა ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატს. შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, სხდომა დაატოვებინა. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმეწუთიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ განაახლა სხდომა. ამჯერად მან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი გააძევა დარბაზიდან.
ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 30 აპრილს. იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა "აგენტების კანონი" 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა. დღეს, 29 აპრილს, მმართველი პარტია "აგენტების კანონის" მხარდამჭერი კონტრაქციის ჩატარებას გეგმავს თბილისში.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი, მიღების შემთხვევაში, მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
ტერმინი "უცხოური ძალა" განიმარტება, როგორც "უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი". ის აიძულებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, - და ასეთი ათასობით არის, - რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი, ძირითადად, დასავლელი დონორებისგან იღებენ, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" დარეგისტრირდეს.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
"ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.
"ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა "უცხოური გავლენის აგენტი", გამოყენებულია ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".