ბანკის უხელფასო მონად იქცა მთელი საქართველო - ხარჯამის მოსახლეობა
15:18 / 13.04.2021
გაძვირებული ცხოვრება, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები, დაბინძურებული სასმელი და დეფიციტური სარწყავი წყალი, მოუწესრიგებელი შიდა გზები და მოსავლის რეალიზაციის პრობლემა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლის მოგვარებას ადიგენში, სოფელ ხარჯამის მოსახლეობა ითხოვს.
ხარჯამში ძირითადად, მესაქონლეობას მისდევენ. მიზეზი, სოფელში არსებული სარწყავი წყლის პრობლემაა. უწყლობის გამო, ოჯახს წლიდან წლამდე სამყოფი მოსავლის მოყვანა უჭირს.
მეგი კარკაძე 20 წელია ხარჯამში ცხოვრობს. ამბობს, რომ არ ახსოვს ისეთი პერიოდი, როდესაც სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა არ ჰქონდა. პრობლემის მოგვარებას წინასაარჩევნოდ ყოველთვის ჰპირდებან, მაგრამ არჩევნების შემდეგ დაპირების შესრულება არავის ახსენდება. ასეთ დაპირებებს შორისაა საგზაო ნიშნები, რომლის დამონტაჟებასაც მოსახლეობა წლებია ითხოვს.
სოფელში არსებულ პრობლემებს ახლა უკვე ეკონომიკური კრიზისიც დაემატა. 64 წლის ჯემალ მსხვილიძე პროდუქციის გაძვირების გამო ჩივის.
„85 ლარი უნდა გადაიხადო 50 კილო ფქვილში და ოჯახს ერთი კვირა არ ჰყოფნის, 1 კგ. შაქარი 2.20 ლარი გახდა, სიგარეტი 7 ლარი ღირს. წნევის მატარებელი ვარ და ორ ლარს მარტო წამლის ერთ აბში ვიხდი, ისიც ფასდაკლებით. ყველაფერი გაძვირებულია და ჩვენს პროდუქტებს ფასი არ აქვს“, - წუხს ჯემალ მსხვილიძე.
გაზრდილმა ფასებმა ადგილობრივებს ხელი ხვნა-თესვაშიც შეუშალა. იმის გამო, რომ მიწის დამუშავება გაძვირებულ საწვავს უკავშირდება, შიშობენ, რომ ნაკვეთების მოვლას წელს სრულად ვერ შეძლებენ. „ადრე დახვნაში თუ 100 ლარს ვაძლევდით, ახლა ამისთვის 250 ლარია საჭირო“ - აცხადებენ სოფელში.
ლუბა მსხვილიძე ოჯახთან ერთად მიწას 30 წელზე მეტია ამუშავებს, მაგრამ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა. დიასახლისი წუხს, რომ მედიკამენტებისა და პურ-პროდუქტების გაძვირება სოფელში მცხოვრები უმუშევარი ადამიანებისთვის ისედაც რთული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას ნიშნავს.
„ორ დიპლომიანი ხალხი სახლში უსაქმოდ ზის, შემოსავლის გარეშე. ბანკის უხელფასო მონად იქცა მთელი საქართველო. საქონელი უნდა ვწველო, რძე ვაგროვო 20 დღე, გავყიდო და აღებული ფულით კარტოფილის თესლი ვიყიდო. სხვაგვარად ზამთარში შიმშილით დავიხოცებით“, - ამბობს ლუბა მსხვილიძე.
„თუ ფული გაქვს, გაზაფხულზე მიწას მოხნავ და დაამუშავებ, მაგრამ წელს საწვავი ისე გაძვირდა, ამასაც როგორ ვიზამთ, არ ვიცი“ - ამბობს მზია ხაჩიძე.
ფასების ზრდასა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, ადგილობრივები მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამოც ჩივიან. ხარჯამელები განსაკუთრებით, დაზიანებული შიდა გზებისა და სამედიცინო პუნქტის უქონლობის გამო წუხან.
„სოფელში კი გააკეთეს ცენტრალური გზა, მაგრამ დიდმა მანქანებმა შიდა გზები გააფუჭეს. შარშან სასაფლაოსთან მისასვლელი გზაც გაკეთდა, მაგრამ ისე უხარისხოდ, რომ თავიდან არის გასაკეთებელი“ - ამბობს ჯემალ მსხვილიძე.
„პანდემიაა და ყველაზე მეტად სამედიცინო პუნქტი გვჭირდება სოფელში, მაგრამ ვინ გააკეთებს, დიდ სოფლებშიც კი არ აქვთ“ - წუხს ლუბა მსხვილიძე.
ხარჯამი ადიგენის მუნიციპალიტეტში, წახანის თემში, ზღვის დონიდან 1 180 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ახალციხიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული. მოსახლეობის რაოდენობა 45 კომლს შეადგენს. ხარჯამში XIX საუკუნის მეჩეთი დგას, რომელიც საბჭოთა პერიოდში საწყობად გადააკეთეს. მეჩეთი დაზიანდა, თუმცა არ დანგრეულა.
„მეჩეთი შიგნიდან ცუდ მდგომარეობაშია, საქონლი შედის და არავინ პატრონობს. ძალიან ლამაზია და უამრავი მნახველიც ჰყავს, განსაკუთრებით თურქეთიდან. თუ მოაწესრიგებენ ბევრი ტურისტი გვეყოლება“, - ფიქრობს მზია ხაჩიძე. ადიგენის მერის წარმომადგენელი წახანის თემში ზურაბ აბრამიძე ადასტურებს, რომ სოფელ ხარჯამს დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება. იმედოვნებს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიხედვით, უახლოეს პერიოდში პრობლემა მოგვარდება, რადგან საკითხზე მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე იმსჯელა. მისი განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. მანამდე კი, „პრობლემის შემთხვევაში გამგეობას ესკალატორი მიჰყავს და თუ არხია გასაწმენდი, ამ პრობლემას ადგილზე ვაგვარებთ“.
მერის წარმომადგენელი იმასაც ირწმუნება, რომ სოფელში საგზაო ნიშნების განთავსების საკითხს თვითმმართველობაში აუცილებლად დასვამს. რაც შეეხება მოსახლეობის მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს, ირკვევა, რომ ხარჯამის მაცხოვრებლები ახლო მომავალში ვერც მოწესრიგებულ შიდა გზებს და ვერც მუდმივ სარწყავ წყალს მიიღებენ. ეს საკითხები ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტებში ჯერ არ მოხვედრილა. შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა კი შიშობს, რომ წელსაც მიწის დამუშავებასა და პირუტყვის გამოკვებას მხოლოდ ბანკიდან აღებული სესხით შეძლებენ.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.