ტუალეტის ქაღალდი, სამგზავრო ბარათი ,,ტროიკა“ - რუსეთი საკუთარ პროდუქციას ქმნის
15:18 / 29.06.2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში, ზაფხულისთვის უჩვეულო ხალხმრავლობაა.. სეზონურ სამუშაოებზე წასული ადგილობრივების ნაწილი საქართველოში წელს, შემოდგომის ნაცვლად, ივნისში დაბრუნდა. ამბობენ, რომ უჩვეულო არაფერი შეუნიშნავთ რუსეთში, უბრალოდ ოჯახები მოენატრათ და ამიტომ, სხვა საკითხებზე კი საუბარი ძირითადად, არ სურთ. ,,ბირჟაზე“ ათიოდე მამაკაცი ზის, სოფელში მისულ უცხო მანქანას ინტერესით უყურებენ. ვიდეოკამერის დანახვისთანავე იშლებიან და კითხვის დასმამდე მიკროფონს გაურბიან ან ირწმუნებიან, რომ კმაყოფილები არიან, რადგან დამალაში ყველაფერი კარგად არის.
,,სახლი, სამსახური.. მშობლები აქ არიან, მომენატრა და ამის გამო (ჩამოვედი). რუსეთში სამუშაოდ წავედი, სეზონი დავასრულე და უკან დავბრუნდი“, - ძირითადად, ასე პასუხობენ მშობლიურ სოფელში დაბრუნებულები.
რეგიონის სხვა სოფლების მსგავსად, მიგრაცია დამალაშიც მაღალია. ადგილობრივების თქმით, სოფელს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს, ადგილობრივების რიცხვი კი 2014 წლის აღწერის მიხედვით, განახევრებულია.
ლალა ასტატურიანი 36 წელია რუსეთში ცხოვრობს. დამალაში მცხოვრებმა ახალგაზრდა მეზობლებმა დაქორწინება გადაწყვიტეს და რადგან მეუღლე სეზონურ სამუშაოებზე მოსკოვში დადიოდა, საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. ამბობს, რომ რუსეთში ომის დაწყების მიუხედავად თითქმის, არაფერი შეცვლილა. ,,სამუშაო ისევ არის, ხალხი ცუდად არ ცხოვრობს, ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნივთის გაძვირებას თუ არ ჩავთვლით, არაფერი იგრძნობა, თუმცა საკუთარი პროდუქციის წარმოება მაინც დაიწყეს. მაგალითად, ტუალეტის ქაღალდი, სამგზავრო ბარათი ,,ტროიკა“ და კიდევ რაღაცები“, - ამბობს ლალა.უკრაინაში ბოლოს 2014 წელს, ომის დაწყებამდე იყო. ამბობს, რომ ,,ქვეყანა ძალიან ლამაზია, მოვლილი, იქ ყველაფერი ხარობს. ბრძოლას სარგებელი არავისთვის მოაქვს. უკეთესია, არ იყოს ომები“ .
დამალა ასპინძიდან 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მისი ძველი ქართული სახელწოდებაა ტამალა, ტამალია. თანამედროვე დამალა დაარსებულია 1829 წელს ერზრუმის პროვინციიდან გადმოსახლებული სომხების მიერ. დამალაში ძირითადად, იმ ფულით ცხოვრობენ, რომელსაც ემიგრანტები ოჯახებს რუსეთიდან უგზავნიან. არაიკ ქერაპიანი მაღაზიას ამუშავებს. ამბობს, რომ დამალაში მიგრაცია მაღალია, რადგან სოფლის მეურნეობა ,,არც ისე კარგად არის განვითარებული“. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შესულ სოფელს მიწა ბევრი აქვს, მაგრამ არასაკმარისი სარწყავი წყლის გამო, ნაკვეთები დაუმუშავებელია. გაძვირებული პურ-პროდუქტები, საქართველოში თუ მეზობელ ქვეყნებში შექმნილი არასტაბილური ვითარება დამალელებს აფიქრებინებს, რომ ,,ცხოვრება შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს“. განსაკუთრებით, ომის დაწყება აშინებთ. ამბობენ, რომ „ომი როდის დაიწყო ზუსტად არ იციან“, სამაგიეროდ იციან ის, რომ საქართველოს მთავრობა ,,კარგად იქცევა და რუსებთან კარგია“.
,,სოფელში კარგად ვცხოვრობთ, არაფერი გვიჭირს.. ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა. - სარწყავი წყალი გაქვთ? - სარწყავი წყალი ჰოო.. ცოტა არ გვყოფნის, მაგრამ სხვა ყველაფერი გვაქვს.. - საბავშვო ბაღი თუ გაქვთ? - ეგეც არ გვაქვს, ბავშვები ასპინძაში დაგვყავს, მაგრამ სკოლა გვაქვს, სამედიცინო პუნქტიც და სხვა ყველაფერი“, - ამბობს სალვი ბალოიანი, რომელიც 40 წელი დამალაში ბიბლიოთეკარად მუშაობდა.
85 წლის მანუშაკ საღათელიანი ერთ-ერთ ძირითად პრობლემად პურ-პროდუქტების გაძვირებას მიიჩნევს. განსაკუთრებით პურზე გაზრდილი ფასი აღელვებს. ამბობს, რომ ,,ფასი კარგი არ არის. ადრე 1 კგ პური ღირდა 1.20 ლარი. ახლა მაგის ნახევარიც არ ღირს. სხვა მხრივ, თუ შრომა გიყვარს, არ გაგიჭირდება. ეტყობა ზარმაცები არიან, თორემ სახლში საჭმელი როგორ უნდა გენატრებოდეს?" - კითხულობს 85 წლის ბებო.
დამალის მოსახლეობის განწყობები არ უკვირთ პოლიტოლოგებს. ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული დეზინფორმაციის მანქანის მუშაობას საქართველოში არავინ ეწინააღმდეგება, რის გამოც საინფორმაციო ომის ,,შედეგები“ ოკუპანტ ქვეყანას უკვე აქვს.
,,საქართველოში რუსული დეზინფორმაციის მანქანა გამალებით მუშაობს და არავის ჰქონია მცდელობა, ხელი შეეშალა პრორუსული არხებისთვის, რომლებიც სისხლისმღვრელ ომს ამართლებს, არაფერს ვამბობ საყოფაცხოვრებო ნაწილზე. თითქოს რუსეთში ყველაფერი კარგადაა, თითქოს დაიწყეს წარმოება, რეალურად გაჭირვება დაიწყო და პროცესიკიდევ უფრო გაღრმავდება. ვხედავთ იმასაც, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი მოქალაქეები შემოვიდნენ, რადგან მათ არ სურთ რკინის ფარდის მიღმა ცხოვრება და კარგად ესმით, რომ მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო გაუარესება.
რაც შეეხებარუსეთს, მას კარგად ესმის რას ნიშნავს საინფორმაციო ომი. სწორედ ამიტომხარჯავს მილიარდობით თანხას ომის მოსაგებად, რასაც გარკვეული ,,შედეგებიც“ აქვს. უმცირესობებს რაც შეეხება, საქართველოს დიდი მინუსია ის, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო ამდენი ხნის განმავლობაში მათთვისსრულყოფილად შეეთავაზებინა ისეთი სერვისი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სახელმწიფო ენას სრულფასოვნად ისწავლიდნენ - მიიჩნევს ზურაბ ბატიაშვილი.
სოფელში დგას XIX საუკუნის სურბ-ხაჩის სომხური ეკლესია, რომელიც განახლდა 2008 წელს. სოფლის მიდამოებში მდებარეობს შუა საუკუნეებში აგებული „კოხტას ციხე“ და ადრეული ასევე შუა საუკუნეების დროინდელი დამალის დაზიანებული ეკლესია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია აქვს მინიჭებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.