სოფლის ამბები
ცხენმა "ძველი" "თოკი" "აწყვიტა" და "იდუმალაში" "დამალა"
ცხენმა "ძველი" "თოკი" "აწყვიტა" და "იდუმალაში" "დამალა", ეს ფრაზა ასპინძის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა მცხოვრებმა იცის. სინამდვილეში ფრაზის მიღმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლები იმალება. თითოეული სოფელი თავისი უნიკალურობით, ულამაზესი ბუნებით, ძირძველი ტრადიციებით და საინტერესო ლეგენდებით გამოირჩევა.

ძველი
- სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1 460 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 13,5 კილომეტრით. სოფელში მოიპოვება ვულკანური წიდა, ბაზალტის და ტუფის ქვა. სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. პირველის მიხედვით, სახელწოდება „ზველი“, გამომდინარეობს სიტყვა „ძველი“-დან, იქ არსებული ძველი ეკლესიისა და სამოსახლოს ნიშნად, ხოლო მეორე ვერსია, ადგილმდებარეობასთან არის დაკავშირებული და წარმოადგენს „ზედა ველის“ შეკვეცილ ვარიანტს. სოფელში შემორჩენილია მე-10 საუკუნის ორნავიანი ეკლესია — ზველის წმინდა გიორგის ეკლესია. სოფლის მახლობლად რამდენიმე წყაროა: წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთით გამეჩხრებულ ტყეში ეკლესიიდან დაახლოებით 2 კმ-ში „თეთრა წყაროსაგან“ მოშორებით მოედინება „მონათული წყარო“. წყარო აღმოსავლეთიდან გამოედინება და იქვე ბუნებრივ წყლის შემკრებ მცირე აუზში გროვდება. მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დიდი ზომის ქვები აქვს შემოსაზღვრული.ასპინძის სოფელ ზველში 50 საუკუნის წინანდელი ნაგებობები აღმოაჩინეს.
თოკი - სოფელი ახალქალაქის პლატოზე, მდ. ფარავნის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1 640 მეტრზე. მისი სახელწოდება განაპირობა კანიონიდან ციცაბო აღმართზე მიმავალმა დაკლაკნილმა ბილიკმა. სამხრ. საქართველოში სიტყვა თოკი, ბაწარი, ბილიკების სახელებად გვხვდება. ახალციხე–ახალქალაქის ცენტრალური გზიდან ფეხით ოთხი კმ–ის გავლაა საჭირო, სოფელში რომ მოხვდე, სადაც მხოლოდ 13 კომლი ცხოვრობს. სოფელი თოკი ასპინძიდან 28 კმ–ის დაშორებით, ზღვის დონიდან კი 1710 მეტრზე მდებარეობს. თოკს სოფელი ვარგავი სამი კილომეტრით აშორებს."გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 სოფელი თოკი ხერთვისის ლივაში, ტყიანი ჯავახეთის რაიონში შედიოდა. იქ 10 კომლი ქართველი მოსახლე ცხოვრობდა. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი; ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი, ჰქონდათ ბოსტნები და ერთი თვალი წისქვილი. სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი,მე-16 საუკუნის ერთნავიანი ეკლესია. იმის გამო, რომ თოკი მაღალმთიანია, მოსახლეობა გამუდმებით ტოვებს სოფელს. აქ მიგრაციის ნიშნული ყველაზე მაღალია.
აწყვიტა — სოფელი მდებარეობს ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1 260 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 2 კილომეტრით. ლეგენდის მიხედვით, როდესაც თამარ მეფე ბასიანისკენ მიუძღოდა ლაშქარს, დაღლილებმა ერთი ბანაკი დასცეს დასასვენებლად. ის იყო, პურობა დამთავრდა, რომ თამარის დაბმულმა ცხენმა აიწყვიტა და დაიჭიხვინა. მეფეს გაუხარდა — ეს კარგი ნიშანია, გამარჯვების მომასწავებელიაო. ბასიანის ომის ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ ამ ადგილისათვის აწყვიტა დაურქმევიათ.
იდუმალა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 386 კაცი. წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნიდან.სოფელში ბევრი მიტოვებული და გამოკეტილი სახლია. ადგილობრივების თქმით, იდუმალაში დაკეტილი სახლების რაოდენობის ზრდა უმუშევრობის პრობლემამ განაპირობა. ამის გამო ადგილობრივები მიდიან და თავიანთ მშობლიურ კერას კლიტედადებულს ტოვებენ.
სოფელი იდუმალა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას.
დამალა, ტამალა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოების ჭობარეთის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1380 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით, ახალციხიდან 36 კილომეტრით. შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. ძველი ქართული სახელწოდებაა ტამალა, ტამალია. თანამედროვე დამალა დაარსებულია 1829 წელს ერზრუმის პროვინციიდან გადმოსახლებული სომხების მიერ. სოფელში დგას XIX საუკუნის სურბ-ხაჩის სომხური ეკლესია, განახლდა და კვლავ მოქმედი გახდა 2008 წელს. სოფლის მიდამოებში მდებარეობს შუა საუკუნეებში აგებული „კოხტას ციხე“ და ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი დამალის ეკლესია.ხანძარს გადარჩენილი ორსაუკუნოვანი ბიბლია,ასპინძის სოფელ დამალაში, მანუკიანების ოჯახში ინახება.ზაფხული საუკეთესო დროა სამცხე-ჯავახეთის ხელახლა აღმოსაჩენად და მშობლიურ სოფლებში დასაბრუნებლად.
| Print |