მულტიმედია
რამდენად კარგად იცნობთ სამცხე-ჯავახეთის კულტურულ ძეგლებს (პასუხები)
1. ლეგენდის მიხედვით, ვის დაეკარგა თამარ მეფე ვარძიაში?
მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად სანადიროდ გამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა „აქ ვარ ძია!“, და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს „ვარძია“.
2. რომელი მდინარეები ერთვის ერთმანეთს ხერთვისის ციხესთან?
ხერთვისის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში. მდებარეობს, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე. სახელწოდებაც ხ–ერთვისი, აქედან წარმოსდგება. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
3. ვისი სახელობის ეკლესიაა ვანის ქვაბებში?
ვანის ქვაბები, ვაჰანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა. IX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს.
4. რომელ წელს განახლდა ახალციხის ციხე რაბათის უბანში?
ახალციხის ციხე განახლდა 2012 წელს.
5. სად ინახება ტურინის სუდარის ასლი?
ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის – ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ახალქალაქში ინახება. „მეხუთე სახარებად“ წოდებული უდიდესი ქრისტიანული რელიქვიის ასლი საგანგებოდ აშენებულ ეკვდერშია დაბრძანებული, რომელიც დარბინიანის ქუჩის №7 – ში მდებარეობს. 2009 წელს ზუსტი ასლი, რომელიც 2002 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით არის დამზადებული, მეუფე ნიკოლოზმა თბილისში ჩამოაბრძანა. იმავე წელს ახალქალაქში, საზაფხულო სტუდენტური ექსპედიციის წევრების მონაწილეობით, წმინდა სუდარისათვის საგანგებო ეკვდერი აშენდა. სიწმინდის მოლოცვა ადამიანებს სამუშაო დღეებსა და საათებში შეუძლიათ, ეკვდერში შესვლა თანხებთან დაკავშირებული არ არის. (საკონტაქტო ტელ.: 598 38 70 84).
6. ლეგენდის თანახმად რატომ დაერქვა ზარზმას ეს სახელწოდება?
მე9 საუკუნეში ზარზმა აშენდა პირველად გიორგი ჩორჩანელის და მისი მემკვიდრეების მიერ, ხოლო XIV საუკუნის დასაწყისში ბექა ჯაყელმა ზარზმა აღაშენა მეორედ, შეუნარჩუნა მას ადრინდელი სულისკვეთება და უფრო მეტად გაამშვენა იგი, ზარზმა ჩორჩანელთა და ჯაყელთა საგვარეულო სამარხი იყო თავიდანვე და მხოლოდ 1577 წელს ჯაყელებმა გადასცეს ეს მონასტერი მონათესავე ადგილობრივ ფეოდალებს, ხურსიძეებს, მაგრამ შეინარჩუნეს ზეპურობა ზარზმის მონასტრისა.
„გიორგი ჩორჩანელმა ზარზმის მონასტერს იმხელა მიწა გამოუყო, რამდენსაც ბერები ერთ დღეში ჯორით შემოივლიდნენ, მისცა მათ საშენი მასალა, ქუა, კლდე, ხარები და ჯორ-ცხენი მოსახმარად.“
ლეგენდის თანახმად, სერაპიონ ზარზმელმა ილოცა და მზის ჩასვლა გააჩერა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას და თავად გიორგი ჩორჩანელს შიშისაგან ზარი დაეცა. ერთერთი ვერსიით, მსწორედ ამიტომ ეწოდება ამ ადგილს ზარზმა.
7. სად დააარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრა ანდრია პირველწოდებულმა?
ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა აწყურის ღვისმშობლის ხატით იქადაგა საქართველოში და დაარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრა აწყურში. სწორედ აქედან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. აქედან გამომდინარე, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას ეწოდება სამოციქულო და არის ავტოკეფალური ანუ დამოუკიდებელი ეკლესია.
8. სად მდებარეობს ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში?
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია არის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება საქართველოში, რომელიც მდებარეობს დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1700 მ. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა.
9. რომელი წმინდანის სახელს უკავშირდება სოფელი ფოკა?
ფოკა — სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მ–ზე, ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 28 კმ-ით. ფოკაში მდებარეობს XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, სომხეთიდან საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო კაბადოკიელი სწორედ ამ ადგილას შეჩერდა.
10. სად არის რომანოვების სასახლე?
ბორჯომში მდებარე რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდაც მოიხსენიებოდაა, მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ამ ადგილას უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოდში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. აქ პერიოდულად ისვენებდა იოსებ სტალინიც. სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია.იხილეთ ქვიზი:
რამდენად კარგად იცნობთ სამცხე-ჯავახეთის კულტურულ ძეგლებს?
გააზიარეთ :