ბაქო ერევანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა.
განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სომხურმა შენაერთებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს. „აზერბაიჯანული არმიის დანაყოფებმა აღნიშნულ მიმართულებაზე ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს“, - აღნიშნეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანული მხარის ბრალდებებს. ერევანში აღნიშნავენ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა არაერთხელ შესთავაზა აზერბაიჯანულ მხარეს საერთო მექანიზმის შექმნა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებს შეისწავლის, თუმცა, აზერბაიჯანული მხარე დღემდე დუმს.