კარლენ მანასიანი, მასსა და ,,კადასტრი რეესტრი +“ის დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, მხოლოდ პირად საუბრებში იხსენებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, კადრს მიღმა ამბობს, რომ პირველად დავით გოგოლაძემ დაარტყა. გოგოლაძეს დაზიანებები მარცხენა მხარეს ყელის მიდამოებში, ყურზე და ტუჩზე აქვს. მანასიანს მარჯვენა თვალთან აქვს გაკაწრული. სხეულზე არსებული დაზიანებების შესასწავლად, ექსპერტიზა ორივე მათგანს ჩაუტარდა.
,,კადასტრი რეესტრი +“ დირექტორი ირწმუნება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დავით გოგოლაძემ, პირად საუბარში შემთხვევის დეტალები გაიხსენა, თუმცა მომხდარის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, ინციდენტი 20 აპრილს, მისსავე ოფისში მოხდა. კარლენ მანასიანი მასთან სამსახურებრივი საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი, გამგებლის მოადგილის ნახვას, დილიდან ცდილობდა. მისი ბებიის თქმით, შვებულებაში მყოფი კარლენ მანასიანი სამსახურში გამოიძახეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ მანასიანი შვებულებაშია და ის სამსახურში ორი დღეა არ მისულა. ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თქმით, გამგებლის მოადგილე ერთკვირიან შვებულებაში, 21 აპრილიდან გავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიებას ახალციხის რაიონული სამმართველო, სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით აწარმოებს, რაც ცემას გულისხმობს. კარლენ მანასიანი გამგებლის მოადგილედ ერთი წლის წინ დაინიშნა. აღნიშნული ინციდენტის გამო, შესაძლოა მან თანამდებობა დატოვოს.
|