რომანოვების სასახლის რესტავრაცია/კონსერვაციის პოექტის მომზადებაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები ჩაერთვებიან. რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი – აღნიშნულის თაობაზე განცხადებას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბორჯომ-ლიკანის ტერიტირიაზე მდებარე რომანოვების სასახლე და ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია განვითარებისთვის და სამართავად საპარტნიორო ფონდს ეკონომიკის სამინისტრომ 25 წლიანი მართვის უფლებით გადასცა. ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე.
რაც შეეხება “საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის” მოთხოვნას, რომანოვების სასახლე სამართავად ეროვნულ მუზეუმს გადაეცეს, ფონდის შეფასებით, ეს საკითხი საპარტნიორო ფონდის კომპეტენციას სცილდება.
მათივე განცხადებით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მზად არის ბორჯომ–ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან განიხილოს.
„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საპარტნიორო ფონდს დაევალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად განახორციელოს რომანოვების სასახლის რესტავრაცია/რეაბილიტაცია და განვითარება. რესტავრაცია/კონსერვაციის პროექტის მომზადებაში ჩართულნი იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტები. რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი.
საპარტნიორო ფონდმა უნდა განახორციელოს სხვადასხვა სახის სამუშაოები, მათ შორის, რომანოვების სასახლის შენობაში მუზეუმის მოწყობა, მუზეუმში განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნივთების რესტავრაცია/კონსერვაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე შემუშავდება მიმდებარე ტერიტორიის 7 ჰექტარი პარკის განვითარების გეგმა.
პროექტის განხორციელების პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რადგან გაცნობიერებული გვაქვს ძეგლის კულტურული ღირებულება, მისი ისტორიული მნიშვნელობა და მის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესი” – ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|