მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერამდე მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება.
გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
„საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი თვალსაზრისით. ეს არის 7 კილომეტრიანი გზა, რომლის გახსნაც მოხდება წელს. აქ დადიან ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მცხოვრებლები და ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს გზა და მოეწყოს ინფრასტრუქტურა გზის გარშემო. აქ გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერებთ რამდენიმე საწარმოს, რომლებიც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა, ვეწვევით შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოს და დავესწრებით ბორჯომში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას,” – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7,2 კმ-ი, გზის საფარის სიგანე კი 5 მეტრია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 70 ადამიანი. გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, 3 198 099,81 ლარია.