თებერვლიდან სამხედრო მოსამსახურეებს დანამატი განსხვავებული წესით მიეცემათ
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიური დანამატი, რასაც ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმების გამო იღებენ, მიმდინარე წლის თებერვლიდან განსხვავებული წესით გაიცემა. ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
„საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული ახალი ბრძანების მიხედვით, სამინისტროს სისტემის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრავმის მიღების გამო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მიეცემა ყოველთვიური დანამატი 200-დან (ორასი) 800 (რვაასი) ლარამდე ოდენობით.“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცვლილებამდე, დაჭრა-დასახიჩრების გამო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიური დანამატი გაიცემოდა იმ შემთხვევაში, თუ მათ ამ ტრავმის გამო კიდურ(ებ)ის ნებისმიერი დონის ამპუტაცია ჩაუტარდათ ან აღენიშნებოდათ თვალის ცალმხრივი/ორმხრივი ანოფთალმი/სიბრმავე, ასევე მაშინ, თუკი მიენიჭებოდათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მინისტრის ძველი ბრძანებით, ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური დანამატი 400 ლარს შეადგენდა.