ახალციხის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ ჩივის. დასუფთავების პრობლემა ყველაზე მეტად შევჩენკოსა და ახალციხის კიდევ რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას აწუხებს. ამ ტერიტრიებზე ადგილობრივები ნაგავს ყრიან, თუმცა მისი გატანა წლებია არ მომხდარა.
ახალციხეში შევჩენკოს ქუჩის მოსახლეობა მყარი ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურებაზე ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში დასახლებიდან ნაგავი არ გატანილა. აქ არც ნარჩენების კონტეინერები დაგას. მათივე თქმით, ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ საავტომობილო გზა ამორტიზებულია, რაც ნარჩენების გადამტანი ტარანსპორტის მისვლას ხელს უშლის.
შევჩენკოს ქუჩის მაცხოვრებლების გარდა, მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან ქალაქის ცენტრში მდებარე სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლები. ისინი ამბობენ, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებითაა დაბინძურებული, დირექტორის განმარტებით, საღამოს საათებში, როდესაც კლინიკა იკეტება, შენობის ეზო მათთვის უცნობი მიზეზების გამო ბინძურდება, დილით სამსახურში მისულებს კი ტერიტორია დანაგვიანებული ხვდებათ.
მოსახლეობასთან პრეტენზიები აქვს შპს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს. გიორგი ლონდარიძე ამბობს, რომ ადგილობრივები აღნიშნულ ტერიტორიებს გამუდმებით აბინძურებენ. მისივე თქმით, დასუფთავების სამსახურმა ნარჩენების გატანისთვის ორი ნაგავმზიდი გამოყო, თუმცა, ტერიტორიის სრული გაწმენდა ვერ ხერხდება. რაც შეეხება სტომატოლოგიურ კლინიკას, ლონდარიძის განმარტებით, ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა და იმისათვის, რომ გაიწმინდოს დაწესებულებამ, მათ განცხადებით უნდა მიმართოს.
ბოლოს როდის გაიწმინდა შევჩენკოს ქუჩაზე დანაგვიანებული ტერიტორია, გიორგი ლონდარიძე ვერ აკონკრეტებს. თუმცა ირწმუნება, რომ ქუჩა გაიწმინდება და იმისთვის, რომ მოსახლეობამ ნარჩენები ქუჩაში აღარ დაყაროს, კონტეინერებიც დაიდგმება.
|